
ყავლაშვილის 14 ნომერში მდებარე უძრავი ქონება მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაა, თუმცა საცხოვრებელი სახლით, ამჟამად, გერმანიის ელჩი სარგებლობს. თბილისის ცენტრში 750 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობა და 300 კვადრატული მიწის ნაკვეთი პეტერ ფიშერმა ხაზარაძეებისგან იქირავა.
"კურიერი" დაინტერესდა, გაფორმდა თუ არა მხარეებს შორის ქირავნობის ან საიჯარო ხელშეკრულება და იხდის თუ არა "ლელოს" ლიდერის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს? ამის გარკვევა მამუკა ხაზარაძის მეუღლესთან გვსურდა, თუმცა ირინა ხაზარაძემ არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. "კურიერის" კითხვები უპასუხოდ დატოვა გერმანიის საელჩომაც, რომელსაც ელექტრონულ ფოსტაზე წერილობით მივმართეთ.
მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და გერმანელ დიპლომატს შორის ფინანსურ ურთიერთობაში პოლიტიკური კორუფციის რისკს ხედავს. "ქართულ ოცნებაში" ელჩს ვენის კონვენციის დაცვას, მამუკა ხაზარაძეს კი გადასახადების დამალვისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ოპოზიციის ლიდერის ქონებით რომ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი სარგებლობს, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ მამუკა ხაზარაძის პარტიაში. როგორც "ლელოში" ამბობენ, რომ ქირავნობის კუთხით არანაირი სამართლებრივი დარღვევა არ იკვეთება. ფაქტში პრობლემას ვერ ხედავენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც".
გერმანელი დიპლომატის სარგებლობაში არსებული სახლი 2022 წლიდან მამუკა ხაზარაძის მეუღლის, ირინა ხაზარაძის სახელზეა რეგისტრირებული. "კურიერმა" გაარკვია, რომ ეკონომიკური სარგებლის მიღების მიუხედავად, ირინა ხაზარაძის სახელით საგადასახადო სამსახურში საშემოსავლო გადასახადები არ ფიქსირდება. მას 2014 წლიდან დღემდე, არც შესაბამისი დეკლარაცია წარუდგინა. ფაქტს მმართველ გუნდში საშემოსავლო გადასახადების დამალვად აფასებენ.
ყაველაშვილის ქუჩაზე მდებარე ძვირადღირებული ქონება ერთ-ერთია, რომელიც მამუკა ხაზარაძემ ჩუქების ხელშეკრულებით მეუღლის სახელზე გადააფორმა. ბოლო სამ წელში "ლელოს" ლიდერმა ცოლს არაერთი უძრავი ქონება აჩუქა თბილისში, მცხეთაში, წყნეთში, ბორჯომში, ბაკურიანსა და ციხისძირში.