
"მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს" - ყოფილი და მოქმედი მერი, კახა კალაძე ისევ თბილისის მერობისთვის ემზადება.
მესამე ვადას, პასუხისმგებლობასთან ერთად შესაძლებლობადაც განიხილავს - გააკეთოს მეტი დედაქალაქისთვის. ამბობს, რომ გარდამტეხი ცვლილებების რეალიზება, როგორც აქამდე, მომავალშიც გუნდურობით, სწორი, პრაგმატული პოლიტიკით და თბილისელების მხარდაჭერითაა შესაძლებელი. კახა კალაძემ, ოფიციალური წარდგენის შემდეგ ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რაც მას 8 წლის განმავლობაში გაუკეთებია და ყველა იმ მიმართულებაზეც, რომელიც ქალაქს მეტ მატერიალურ სიკეთეს მოუტანს.
რა გაკეთდა თბილისში 2017 წლის შემდეგ? - ამაზე უფრო ვრცლად პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. სწორედ ირაკლი კობახიძემ, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, წარადგინა ოფიციალურად მერობის კანდიდატი. თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი, გუნდის გამორჩეული ლიდერი და უალტერნატივო კანდიდატი - პრემიერ-მინისტრის თქმით, კალაძის პროფესიონალიზმი და გემოვნება მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე აისახება, დედაქალაქის განვითარების ამ დინამიკას კი შენარჩუნება სჭირდება.
კახა კალაძეს გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, სხვა კანდიდატი თეორიულად არც კი განხილულა. რა გახდა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი და მესამე ვადით მოქმედი მერის დასახელების მთავარი კრიტერიუმი? - ამაზე მედიასთან ვრცლად უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა.
კახა კალაძის წარდგენით "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. ამ ფონზე კი ოპოზიცია ისევ ფიქრობს ვინ დაასახელოს კალაძის კონკურენტად. ხაზარაძისა და გახარიას პარტიები ამ დრომდე თანხმდებიან საერთო და თან ნეიტრალურ კანდიდატზე. გაჟღერდა ალეკო ელისაშვილის კანდიდატურაც, რომელიც ადასტურებს, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში მზადაა დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლოს. "ლელო" და პარტია "საქართველოსთვის" კი კონკრეტული გვარის დასახელებას არ ჩქარობენ.
სახელისუფლებო პარტიისთვის, მნიშვნელობა არ აქვს რაზე ჩამოყალიბდებიან მათი ოპონენტები. ამბობენ, რომ მათი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში უკონკურენტოა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ ის თბილისელების მხარდაჭერას მესამე ვადითაც იმსახურებს.
დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენა მთაწმინდის პარკში გაიმართა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტიის მხარდამჭერები - ბიზნესის, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა თუ ხელოვნების სფეროდან. მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოების საარჩევნო სიების წარდგენას მმართველი პარტია უახლოეს დღეებში გეგმავს.