რეზონანსი
02.08.2025

ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად. რეგიონში ორი ატომური წყალქვეშა ნავი იმიტომ გავგზავნე, რომ დავრწმუნდე, მედვედევის სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ნიუსმაქსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ტრმაპის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ მან მიიღო გადაწყვეტილება, რეგიონში ატომური წყალქვეშა ნავები გააგზავნოს და ისინი უკვე უფრო ახლოს არიან რუსეთთან.

„მედვედევს ეს არ უნდა ეთქვა. მას უხეში ენა აქვს. მას მსგავსი რამ ადრეც აქვს ნათქვამი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ გავაგზავნე რეგიონში ორი ატომური წყალქვეშა ნავი. მე უბრალოდ მინდა, დავრწმუნდე, რომ მედვედევის სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი", - განაცხადა ტრამპმა.

ამავე ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო უკრაინაში შექმნილი სიტუაცია,

„ეს არის ბაიდენის ომი. ეს არ არის ჩემი ომი. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ის არ მოხდა 4 წლის განმავლობაში. ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა პუტინთან ლაპარაკის დროს. მე ვიტყვი შემდეგს: ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს საშინელი ომია", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ვადაში, ანუ 8 აგვისტომდე თუ შეთანხმება არ შედგება, მაშინ ვაშინგტონი რუსეთს სანქციებს დაუწესებს.

„მე პუტინს ბევრჯერ ვესაუბრე, ჩემი აზრით, შესანიშნავი დიალოგი გვქონდა. შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვხედავ, რომ კიევს ბომბავენ და კიდევ სხვა ქალაქებსაც, ადამიანებს კლავენ. შემდეგ მე ვამბობ, მე ახლახან მქონდა დიდებული საუბარი მასთან და ვფიქრობდი, რომ ჩვენ უკვე სამჯერ გავიარეთ ყველაფერი და შესაძლოა, მას უნდა, სცადოს, ყველაფერი წაიღოს. ჩემი აზრით, ეს მისთვის ძალიან რთული იქნება" - განაცხადა ტრამპმა.

ამავე ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ, მისი შეხედულებით, პუტინი „კერკეტი კაკალია".

„პუტინი, ცხადია, კერკეტი კაკალია, ეს არ შეცვლილა, თუმცა მე გაკვირვებული ვარ. ჩვენ გვქონდა არაერთი საუბარი, რა დროსაც შეგვეძლო, ეს დაგევსრულებინა და მოულოდნელად ბომბები იწყებს ცვენას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×