
ხაბეიშვილს საქართველოში სისხლის დასაღვრელად გაბრაზებული ახალგაზრდობა სჭირდება - ის ვერცერთ ნიშაში ვერ მოხვდა, გარდა იმისა, რომ გამოვიდა და საზოგადოებისთვის ხმლის ქნევით თავი წარმოაჩინა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, ხაბეიშვილს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას გააბრაზებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლისღვრისა და უკრაინალიზაციის პროცესის განვითარებით ხელისუფლებაში მოიყვანს.
„დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. დღეს ევროპულ სტრუქტურებს კარნახობენ, რომ ეს გამოიყენონ შანტაჟის ბერკეტად საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც არ თანხმდება სამხედრო პროცესებში ჩართვას და არ აწერს ხელს ქვეყნის განადგურებას. ხაბეიშვილს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც გააღიზიანებს საზოგადოებას, გამოიყვანს მათ ქუჩაში და სისხლისღვრისა და უკრაინალიზაციის პროცესის განვითარებით ხაბეიშვილს ქვეყნის სათავეში მოიყვანს. მთელი ამბავი ამაშია. ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ხალხი, გაღიზიანებული ახალგაზრდები, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში მარტო არ არის. ყველას აქვს ეს გეგმა, არავინ საუბრობს ხმამაღლა ხაბეიშვილის გარდა. ხაბეიშვილიც იმიტომ საუბრობს, რომ ვერანაირ ნიშაში ვერ მოერგებოდა, გარდა იმისა, რომ გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ასეთი ხმლის ქნევის შემდეგ საკუთარი თავი დასამახსოვრებელი გაეხადა“, - განაცხადა ვოლსკიმ.თქვენი ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა 4 ოქტომბრის არჩევნებში უნდა დამხონ, მაგრამ მშვიდობიანად. როგორც ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, 4 ოქტომბერს მთავრობა „რუსულ სპეცოპერაციას“ ატარებს და ის მოუწოდებს მათ, ვინც ამ ბრძოლაში არ ჩაერთვება, მასთან ერთად ჩაერთონ ბრძოლაში.
„თუ მდინარაძეს მშვიდობიანი გადატრიალება არ მოსწონს, მამუკა, უმტკივნეულო გადატრიალება როგორ იქნება? - 1-4 სექტემბერს ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ქვეყნების საზღვრებიდან დააბრუნებენ და ეს შეიძლება იყოს ხელის ჩამორთმევა, რაზეც ხალხი რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.