
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მიმდინარე კვირაში ჩავა. მისივე თქმით, უიტკოფი რუსეთს 10-დღიანი ვადის ამოწურვამდე ესტუმრება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მისცა.
როგორც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განაცხადა, ვიზიტი 6 ან 7 აგვისტოს გაიმართება. 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ მეორად 100%-იან ტარიფს დააწესებს, თუ 2 სექტემბრამდე უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა. მოგვიანებით ტრამპმა ეს ვადა 10 დღემდე შეამცირა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი ყოველთვის მოხარულია, ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფს უმასპინძლოს.
„ჩვენ ყოველთვის გვიხარია ბატონი უიტკოფის მოსკოვში ნახვა და ყოველთვის გვიხარია მასთან კონტაქტი", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. როგორც კრემლის პრესსპიკერი განმარტავს, არსებობს შანსი, რომ მიმდინარე კვირაში ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა გაიმართოს.
პესკოვის თქმით, რუსეთი სტივ უიტკოფთან კონტაქტებს მნიშვნელოვნად, შინაარსობრივად და ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევს.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია რატომ აგზავნის ტრამპი ისევ უიტკოფს.
„საერთოდ ბევრ კითხვებს აჩენს ის, რომ უიტკოფმა თავის თავი მაინც და მაინც ვერ წარმოაჩინა რუსეთთან მომლაპარაკებლად და რატომ აგზავნის ისევ მას? მართალი გითხრათ, ვერ გავიგე მიზეზი. თუმცა რა თქმა უნდა, ფორმალურად აქ საუბარია იმაზე, რომ ულტიმატუმის ვადა იწურება და ტრამპი უიტკოფს აგზავნის ვითომ იმისათვის, რომ რაღაცაზე მოელაპარაკოს, რადგან იქნებ ბოლოს და ბოლოს პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ორ ვარიანტს განიხილავს და ამბობს, რომ ეს იქნება ტრამპის მხრიდან ბოლო შანსი.
„ჩემი აზრით, ტრამპს მოლაპარაკების იმედი არ აქვს, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, რომ თქვას, აი მე პუტინს კიდევ ერთი შანსი მივეცი, ჩემი სპეციალური წარმომადგენელი გავგზავნე, მაგრამ, რუსეთმა ისევ უარი განაცხადა. მერე იტყვის, მე მაქსიმუმი გავაკეთე, რომ ომი შეჩერებულიყო, მაგრამ პუტინს მშვიდობა არ სურს.
ამის შემდეგ შეიძლება ტრამპს ჰქონდეს საბაბი იმისა, რომ აამოქმედოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მეორე ვერსიაა კიდევ ის, რომ, მოგეხსენებათ უიტკოფი იყო რუსეთში ჩასული და პუტინთან მოლაპარაკება გამართა, გამორიცხული არ არის, ტრამპს იმედი ჰქონდეს დადებითი შეედეგისა, ანუ, იქნებ მან პუტინი რაღაცნაირად დაარწმუნოს. ეს უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, პირველი ვარიანტი უფრო სავარაუდო და რეალისტურია, რათა პუტინს საფუძველი ჰქონდეს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".