მარიამ ვეკუა
05.08.2025

რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წყვეტს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების წარმოებასა და განლაგებაზე ცალმხრივ მორატორიუმს. კრემლის თქმით, ეს გადაწყვეტილება დასავლეთის სამხედრო ქმედებების პასუხია და ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, მსოფლიოში „კარიბის კრიზისის" სცენარი გამეორდეს, რადგან მოსკოვის ეს გადაწყვეტილება ბირთვული დაძაბულობის რისკს ზრდის და ევროპის უსაფრთხოებას კითხვის ქვეშ აყენებს.

საინტერესოა, რომ მოსკოვში ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ულტიმატუმისა და მის მიერ რუსეთის სიახლოვეს ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ფონზე მიიღეს. გარდა ამისა, რუსეთის ასტრახანის ოლქში, სამხედრო პოლიგონ კაპუსტინ იარის თავზე რამდენიმე დღით ოფიციალურად დაუხურა საჰაეროს სივრცე, რაც, სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, სწორედ ასეთი სარაკეტო სისტემების დემონსტრაციულ გამოცდას უკავშირდება.

ამასთან, საჰაეროს სივრცის დახურვა დროში ემთხვევა ტრამპის ულტიმატუმის ვადის ამოწურვას - 8 აგვისტოს.

საშუალო (1000-5000 კმ) და მცირე (500-1000 კმ) მოქმედების რადიუსის რაკეტებთან შეთანხმება ჯერ კიდევ 1987 წელს დაიდო აშშ-სა და სსრკს შორის და მისი მოქმედება საბჭოთა კავშრის შემდეგაც გაგრძელდა. 2016 წლის შემდეგ აშშ და რუსეთი პერიოდულად ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ამ შეთანხმების დარღვევაში.

2018 წელს აშშ ამ შეთანხმებიდან გასვლით დაიმუქრა, თუმცა ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. რუსეთმა კი ოფიციალურად შეაჩერა ამ შეთანხმებაში თავისი მონაწილეობა.

2019 წლის აგვისტოში შეთანხმებას ვადა გაუვიდა და მხარეებს არ განუხილავთ მისი გაგრძელების შესაძლებლობა. მას შემდეგ რუსეთს ოფიციალურად ცალმხრივი მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული და ამტკიცებდა, რომ კვლავ იცავდა შეთანხმებას.

ახლა ამ მორატორიუმის შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად რუსული მედია იმას ასახელებს, რომ 2026 წლისთვის გერმანიაში აშშ-ის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების განლაგებაა დაანონსებული.

მორატორიუმის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 აგვისტოს გააკეთა. მათი შეფასებით, ქვეყანა აღარ თვლის თავს ვალდებულად, შეინარჩუნოს შეზღუდვები, ვინაიდან მორატორიუმის შენარჩუნების პირობები აღარ არსებობს.

მოგვიანებით განცხადება დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა:

„რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს. ქვეყანა აღარ თვლის თავს შეზღუდულად. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თვლის, რომ აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები".

დამთხვევა, თუ სტარტეგიის ნაწილი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთისთვის ულტიმატუმი აქვს წაყენებული, რომლის ვადაც 8 აგვისტოს უწურება - ამ თარიღამდე რუსეთი უნდა დათანხმდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. ამის პარალელურად, ტრამპმა რუსეთთან „უფრო ახლოს" განალაგა ორი ამერიკული ბირთვული წყალქევშა ნავი.

ამასთან დაკავშირებით კრემლს არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა 5 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არხანგელსკის ოლქში, კაპუსტინ იარის სამხედრო პოლიგონის თავზე საჰაერო სივრცის დროებით დაიხურება. ფრენები აღნიშნულ ტერიტორიაზე აიკრძალება 5 აგვისტოს დილის 9 საათიდან 9 აგვისტოს 19:00-მდე. რუსულმა გამოცემამ „ვოენნოე ობოზრენიე" გაავრცელა ცნობა, რომ ამ პერიოდში კაპუსტინ იარზე ახალი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკის" გამოცდა იგეგმება, რამაც სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია.

„ორეშნიკი" ახალი რუსული ჰიპერბგერით სარაკეტო სისტემაა, რომელსაც ბირთვული მუხტის გადატანაც შეუძლია.

„სხვადასხვა რუსული წყარო არ გამორიცხავს, რომ ამ კვირაში „ორეშნიკის" საბრძოლო მოდელის გამოცდა მოხდეს. გასულ ოქტომბერში ტესტირება გაიარა პროტოტიპმა, ახლა კი დადგა დრო საბრძოლო ვარიანტის გამოცდისა უკრაინაზე დარტყმით", - წერს გამოცემა.

ავტორები ასევე ვარაუდობენ, რომ ტესტირებები შესაძლოა შეეხოს „ს-400" და „ს-500" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. აღნიშნულ სისტემებს კრემლი თავისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღად განიხილავს.

მესამე საშიში სცენარი

კითხვაზე, რა საფრთხის შემცველია საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებზე შეზღუდვების მოხსნა, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაია გვპასუხობს:

„უკრაინის ომის ფონზე, როგორც ჩანს, რუსეთი ქმნის პირდაპირ სამხედრო საფრთხეს ევროპული უსაფრთხოებისთვის. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რუსეთი გამოიყენებს ოპერატიულ-სტრატეგიულ დრონებს, ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების ერთგვარ ვარიანტებს. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, რუსეთმა დაიწყო საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების დამუშავება და გამოყენება უკრაინის სხვადასხვა ქალაქების, მაგალითად კიევისა და ლვოვის ინტენსიური დაბომბვისთვის", - განაცხადა მაისაიამ.

ვახტანგ მაისიაამ ისაუბრა არხანგელსკის ოლქში, კაპუსტინ იარის სამხედრო პოლიგონის თავზე საჰაერო სივრცის დაიხურვაზეც და აღნიშნა, რომ ეს პასუხია ტრამპის ულტიმატუმზე:

„ეს ნაბიჯი გარკვეულწილად შეგვიძლია ტრამპის ულტიმატუმზე პასუხადაც აღვიქვათ. როგორც ჩანს, რუსეთი დაიწყებს მსგავსი სისტემების განლაგებას კალინინგრადის ოლქისა და ბელარუსის ტერიტორიაზე, რათა გაზარდოს ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ ბირთვული საფრთხე და შექმნას ზეწოლის ელემენტები. ეს კი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და მიიყვანს ბირთვული დაპირისპირების იმ მოდელამდე, რომელიც ცნობილია 1962 წლის კარიბის კრიზისის სახელით; შემდეგ იყო 1983 წლის ბერლინის კრიზისი და ახლა, ფაქტობრივად, მსოფლიო მიუახლოვდა მესამე საშიშროების სცენარს", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×