ნატალია ჯვარიძე
06.08.2025

კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულების შემდეგ მხოლოდ ის ითქვა, რომ მხარეებმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს.

მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„თუ თემებს დავასახელებთ, პირველი, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის კრიზისი იყო. მეორე თემა კი აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლო განვითარების პერსპექტივები", - განაცხადა იური უშაკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები „სასარგებლო და კონსტრუქციული იყო".

„ჩვენი მხრიდან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალები გადავეცით. შესაბამისი სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგანაც მივიღეთ", - აღნიშნა უშაკოვმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევს შეხვდა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას აზრით, ის ფაქტი, რომ ამ დრომდე მხარეებს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ, მიანიშნებს, რომ შეხვედრამ წარმატებით არ ჩაიარა. მისივე ვარაუდით, პუტინი მოლაპარაკებაზე არ წავა.

„ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა მიანიშნებს, რომ შეხვედრა წარმატებით არ დასრულებულა. რომ ყოფილიყო რაიმე მიღწევა, უიტკოფი პრესკონფერენციას მაინც გამართავდა და რაიმე განცხადებას გააკეთებდა. ვინაიდან შეხვედრის შემდეგ არაფერი თქვეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სიტუაცია არის უცვლელი.

რუსული მხარე ამბობს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარაო, მაგრამ მაგათ რა დაეჯერებათ?! ადრეც ეგრე ამბობდნენ და თურმე პირიქით ყოფილა. მე მგონია, რომ ეს მოლაპარაკება არავითარ შედეგს არ მოიტანს. გამორიცხულია, პუტინი ამაზე არ წავა.

ჯერ ერთი ის კატეგოირიული წინააღმდეგია უკრაინაში ომის დასრულების და ეს მისთვის ყოვლად მიუღებელი თემაა. მეორე, რუსულ არმიას ჯერჯერობით აქვს გარკვეულწილად ოპერატიული ინიციატივა და შესაბამისად, თუ ომი შეჩერდება, ამ ინიციატივის ხელიდან გაშვება იქნება, ასე თვლიან კრემლში.

მესამე, ტრამპმა პუტინს უკვე მუშტი მოუღერა და ის ფსიქოლოგიურ კონტექსტში, ასეთ რაღაცებს არ პატიობს. არ უყვარს, როცა ვინმე ემუქრება, ან შეურაცხყოფას აყენებს. ტრამპმა კი წყალქვეშა ნავები გადაადგილა რუსეთის ახლომახლო სივრცეში, რაც პუტინისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×