რეზონანსი
06.08.2025

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ განხორციელდა ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა, – ამის შესახებ ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.

„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა. კიდევ ერთხელ გვსურს, განვაცხადოთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით. სააღსრულებო საქმისწარმოება, სასამართლო ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თანაბარი კანონზომიერებით მიმდინარეობს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, ასევე იმ საქმეებში, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენენ სახელმწიფო უწყებები“, – ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს „ლელო – ძლიერ საქართველოში“ განაცხადეს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშები დააყადაღა. მოგვიანებით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტებული იყო, რომ ყადაღა გავრცელდა „ლელოს“ ანგარიშებზე არსებულ არა მთლიან თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც 1500 ლარს არ აღემატებოდა. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×