მარიამ ვეკუა
07.08.2025

რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ უმაღლესი დონის შეხვედრაზე - ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ შეხვედრით არსებითი ცვლილება არ მოხდება. დაასრულებს თუ არა ეს ისტორიული შეხვედრა ომს უკრაინაში და რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა მედიაში უკვე გაჟონა მოსალოდნელი შეთანხმების დეტალებმა.

გარდა ამისა, უკვე ამ შეხვედრის შემდეგ შესაძლოა შედგეს შეხვედრა და მოლაპარაკება აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით. „სი-ენ-ენის" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ სამმხრივი შეხვედრის მოსამზადებლად შესაბამისი განკარგულება გასცა.

პუტინი-ტრამპის შეხვედრას მოსკოვშიც ადასტურებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა:

„ამერიკული მხარის წინადადებით, პრინციპულად შედგა შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე, კერძოდ, შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის", - აღნიშნა უშაკოვმა.

მისივე თქმით, საორიენტაციო ნიშნულად მომდევნო კვირა არის განსაზღვრული, თუმცა ჯერ კიდევ რთულია იმის თქმა, თუ რამდენი დღე დასჭირდება შეხვედრის მზადებას.

მოგვიანებით თავად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არაბთა საამიროები იქნებოდა.

შედგება თუ არა უკრაინის, აშშ-სა და რუსრთის პრეზიდენტების შეხვედრა ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა - პუტინმა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგი არაა, თუმცა ამისგან „ჯერ კიდევ შორს ვართ".

„არაერთხელ მითქვამს, რომ მე ამის წინააღმდეგი არ ვარ და ეს შესაძლებელია, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას. სამწუხაროდ, მსგავსი პირობების შექმნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ", - თქვა პუტინმა კრემლში, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ტრამპი-პუტინის მომავალ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა:

„რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის ახლა უფრო მზად არის. როგორც ჩანს, მათზე ზეწოლა მუშაობს".

ულტიმატუმმა იმოქმედა?

საინტერესოა, რომ პარასკევი ტრამპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ბოლო დღეა. ულტიმატუმის შესახებ ინფორმაცია პირველად ივნისში გაჟღერდა, როდესაც ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთს დაახლოებით 50-დღიანი ვადა ჰქონდა მიცემული უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისთვის. თუმცა, ივლისის ბოლოს მისმა ადმინისტრაციამ ვადა მნიშვნელოვნად შეამცირა - გაკეთდა განცხადება, რომ თუკი რუსეთი 10 დღის ვადაში არ დათანხმდებოდა უკრაინაშ ცეცხლის შეწყვეტას, მის წინააღმდეგ რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ეს ვადა სწორე 8 აგვისტოს იწურება.

ამ ნაბიჯებში ძირითადა ეკონომიკური შინაარსის გადაწყვეტილებები იგულისხება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ტრამპმა უკვე დაიწყო. ოთხშაბათს მან დააწესა დამატებითი 25%-იანი ტარიფი ინდოეთზე, რომელმაც ოფიციალურად თქვა უარი რუსეთიდან ნავთობის შეძენის შეწყვეტაზე.

გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში შიძლება 100%-იანი მეორადი ტარიფი დააწესოს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც რუსულ საქონელს შეიძენს, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს ჩინეთზე. ეს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.

„ჩვენ ეს ინდოეთთან გავაკეთეთ. ალბათ, კიდევ რამდენიმესთან ვაპირებთამას. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს ჩინეთი", - თქვა ტრამპმა.

მოლოდინები

ექსპერტების ნაწილი ტრამპი-პუტინის შეხვედრის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი:

„ვფიქრობ, ვაშინგტონში ზოგჯერ არასაკმარისად ვაფასებთ იმას, თუ რამდენად არის ჩართული კრემლი ამ ომის წარმოებაში", - თქვა დევიდ სალვომ, რუსეთის ექსპერტმა და გერმანული „მარშალის ფონდის" დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის მმართველმა დირექტორმა, - „პუტინის რეჟიმის მთელი ლეგიტიმურობა და ბედი არა მხოლოდ ამ ომის რუსული პირობებით დასრულებაზეა დაფუძნებული, არამედ მასთან ბრძოლის გაგრძელებაზე უახლოეს მომავალში. მთელი ეკონომიკა ომის გარშემოა. მე უბრალოდ ვერ ვხედავ ვერაფერს, რაც კრემლის გეგმებსა და არსებულ სიტუაციას შეცვლის".

„ბლუმბერგმა" და დამოუკიდებელმა რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ბელმა" ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კრემლმა, შესაძლოა, რუსეთისა და უკრაინის მიერ საჰაერო დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადების იდეა წამოაყენოს, რომელიც გასულ კვირას ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრის დროს ახსენა.

პოლონურ მედიას ხელში ჩაუვარდა იმ პირობების ჩამონათვალი, რომელიც ამერიკულმა მხარემ რუსეთს შესთავაზა, რათა მან უკრაინაში ომი დაასრულოს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ტრამპმა პუტინს შესთავაზა:

1. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და არა მშვიდობა;

2. რუსეთის მიერ დაპყრობილი უკრაინული ტერიტორიების ფაქტობრივი აღიარება (საკითხის გადავადება 49 ან 99 წლით);

3. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმეტესობის მოხსნა და გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგეტიკული თანამშრომლობის აღდგენა, კერძოდ, რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის განახლება.

თუმცა, როგორც პოლონური მედია წერს, წინადადებათა პაკეტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, რასაც რუსები მუდამ ითხოვდნენ. მოსკოვმა აგრეთვე არ მიიღო პირობა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×