
უკრაინა კვლავ აცხადებს, რომ კოფლიქტის გაყინვა არ იქნება, თუმცა ევროპელი მოკავშირეები ერთ-ერთ სცენარად ამასაც მოიაზრებენ. რა სახის შეთანხმებაზეა სავარაუდოდ საუბარი, ეს არ კონკრეტდება, თუმცა ნათელია, რომ კიევი 2014-22 წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, მინიმუმ სამხედრო გარანტიების გარეშე ამ შეთავაზებას არ დათანხმდება. ასევე, ჯერჯერობით უცნობია რუსული მხარის ინტერესებში არის თუ არა პოზიციების გაყინვა.
ანალიტიკოსთა აზრით, კონფლიქტის გაყინვა შეიძლება იყოს ერთ-ერთი სცენარი სამშვიდობო მოლაპარალებების კუთხით და არა ერთადერთი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის შეჩერების გარკვეული სიგნალებ არსებობს.
„არსებობს გარკვეული სიგნალები და ჩვენ ასევე გვაქვს ინტუიცია, რომ შესაძლოა, მოხდეს კონფლიქტის გაყინვა - არ მინდა ვთქვა დასასრული, მაგრამ კონფლიქტის გაყინვა - უფრო ახლოსაა, ვიდრე უფრო შორს", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
ტუსკი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და ზელენსკი „ძალიან ფრთხილობს, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი". მისივე ინფორმაციით, უკრაინა დაინტერესებულია, რომ პოლონეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღონ ცეცხლის შეწყვეტისა და საბოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების დაგეგმვაში.
„უკრაინული მხარე ძალიან დაინტერესებულია, რომ ევროპამ, მათ შორის პოლონეთმაც, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და შემდგომ მშვიდობაშიც. ჩვენც დაინტერესებული ვართ მშვიდობა დამყარდეს ჩვენს რეგიონში, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებაზეც ძალიან დადებით გავლენას მოახდენს", - აღნიშნა ტუსკმა.
თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არის თუ არა ევროკავშირში კონფლიქტის გაყინვაზე საუბარი, ამაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არაა, თუმცა შესაძლოა ერთ-ერთ სცენარად განიხილებოდეს.
"ამაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ეტყობა ერთ-ერთ სცენარად განიხილება, გამომდინარე იქიდან,რომ არცერთი მხარე და განსაკუთრებით რუსეთი დღეს მზად არაა მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის შესაწყვეტად, მაგრამ იმ ზეწოლის შედეგად, რაც საერთაშორისო მეგობრობიდან და კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციიდან მოდის, რუსეთიც იძულებული იქნება, რომ რაღაც სახის ზავზე დაიწყოს საუბარი, თუმცა არ ვიცით რა კონფოგურაციით იქნება ეს შესაძლებელი.
"ბოლო დღეებში ტრამპისა და რუსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლებიდან თითქოს იკვეთება, რომ პუტინი მზადაა რაღაც ტიპის მოლაპარაკებაზე, თუმცა დეტალები უცნობია რას გულისხმობს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ეს უკრაინისთვის და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის რამდენად იქნება მისაღები და საერთოდ აქედან რა გამოვა.
"ბუნებრივია ომის შეწყვეტა გამოიწვევს გაყინულ კონფლიქტს რაღაც ეტაპზე, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან კონფლიქტის საბოლოოდ გადაწყვეტაზე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცეცხლი შეწყდა, კონფლიქტის საბოლოოდ გადაწყვეტას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება, თუ ათეული წელიწადი არა, ამ კონფლიქტის სიმძიმიდან გამომდინარე.
"ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნდა რუსეთის ხელისუფლების პოზიცია, რომ მოლაპარაკებებში თავისი მოთხოვნების მაქსიმალიზაციას ცდილობს. მათ შორის ითხოვს იმ ტერიტორიების ანექსიას, რომელიც ჯერ ოკუპირებული არ აქვს, თუმცა, ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში შეიძლება ამაზე უარი თქვან და იმაზე "დაკმაყოფილდნენ", რასაც აკონტრილებენ, თუმცა, ესეც უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რამდენად მისაღები იქნება, ესეც გაურკვეველია.
"რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი თუ გადაიდგა და მაქსიმალისტურ მიზნებზე უარი თქვა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში და რუსეთს ასე ესმის, თუ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის ნატოში გაწევრიანებას დაბლოკავს. რუსეთის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ესაა, ეს რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის ასევე მიუღებელია. უკრაინას ნატოსთან დაკავშირებით დღესაც არ აქვს რაიმე გარანტიები, მაგრამ ასევე გაურკვეველია ევროკავშირთან მიმართებაში რა იქნება, საერთოდ უკრაინის საზოგადოებრივი აზრი ამას როგორ შეხვდება და მშვოდობის ფორმულა როგორ ესმით, რადგან ყველა მხარეს თავისებურად აქვს წარმოდგენილი სამშვიდობო პროცესი.
"მეორეს მხრივ ტრამპის რიტორიკას თუ შევხედავთ, მისთვის მთავარია ომი შეწყდეს. საუბრობს, რომ ყოველდღიურად 4-5 ათასი ადამიანი იღუპება და მოიხედავად ამ მსხვერპლისა, კონფლიქტი დასასრულისკენ არ მიდის, გაყინვის შემთხვევაში, კონფლიქტი გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ეს ხალხი არ დაიღუპება მაინც - ტრამპის ადმინისტრაციის და ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრება შესაძლოა ეს იყოს.
"ბუნებრივია, გვახსოვს ბევრი ჩავარდნილი ფორმატი, მათ შორის ნორმანდიის და ყველამ იცის, რომ რუსეთის ნდობა ძალიან რთულია, ეს უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმაც იციან",- განაცხადა კაკაჩიამ.
მისი თქმით, "არაა გამორიცხული", რომ კონფლიქტის გაყინვისა და გარანტიების არქონის შემთხვევაში, 2022 წლის სცენარი კვლავ განმეორდეს. თუმცაღა, "უკრაინსაც არ აქვს უსასრულო რესურსები" და შესაძლოა მასაც სჭირდება გარკვეული პაუზა.
"თუმცა უკრაინა არასდროს არ იტყვის უარს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. ორივე მხარეს ურთიერთსაწინააღმდეგო, აბსოლუტურად შეუთავსებელი წინადადებები აქვს და ამიტომაცაა რთული მოლაპარაკებების წარმოება",- განაცხადა კაკაჩიამ "რეზონანსთან".