რეზონანსი
10.08.2025

უკრაინის სამშვიდობო გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება - ევროპის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

განცხადებას ხელს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტრუბა აწერენ. 

"მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეულ სამუშაოს უკრაინაში მკვლელობების შეჩერების, რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულების, უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით.

დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ისეთი მიდგომა იქნება წარმატებული, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ომის დასრულების მიზნით ზეწოლას.

მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ სამუშაოს დიპლომატიური, ასევე, უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შენარჩუნების გზით, მათ შორის მოხალისეთა კოალიციის მუშაობით და რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შენარჩუნებითა და დაწესებით.

გვწამს, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა დაიცავს უკრაინასა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებს.

ვეთანხმებით, რომ ეს სასიცოცხლო ინტერესები ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებას მოიცავს, რაც უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ეფექტურ საშუალებას მისცემს. უკრაინას საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება აქვს. შინაარსიანი მოლაპარაკებები შესაძლებელია გაიმართოს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი ქმედებების შემცირების შემთხვევაში. უკრაინის სამშვიდობო გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. მიმდინარე შეხების ხაზი უნდა იყოს მოლაპარაკებების საწყისი წერტილი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრა წარმოადგენს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმის და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევას. ხაზს ვუსვამთ ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, როგორც ევროპელები გაერთიანებულნი ვართ და გადაწყვეტილი გვაქვს ერთობლივი ძალებით დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ვაგრძელებთ მტკიცე თანამშრომლობას პრეზიდენტ ტრამპთან, აშშ-სთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინელ ხალხთან, უკრაინაში მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს ჩვენს სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებს". – წერია ევროპის ლიდერების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×