რეზონანსი
10.08.2025

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანი" - დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია და შვედეთი უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის უკანონო აგრესიის წინაშე. მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას, ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას და ჩაუყაროს საფუძველი სამართლიან და მტკიცე მშვიდობას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებასა და ევროპის სტაბილურობას. მზად ვართ, დიპლომატიური გზით წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში, ამავდროულად, შევინარჩუნოთ ჩვენი მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის. გავაგრძელებთ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაცვასა და დაწესებას. მშვიდობა მხოლოდ გადამწყვეტი დიპლომატიის, უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისა და რუსეთის უკანონო ომის შესაჩერებლად თანმიმდევრული ზეწოლის კომბინაციით მიიღწევა. ვიზიარებთ რწმენას, რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას როგორც უკრაინის, ასევე ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ინტერესები. ეს ინტერესები მოიცავს ძლიერ და სანდო უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც საშუალებას აძლევს უკრაინას, ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ვადასტურებთ პრინციპს, რომ საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალით. მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის კონტექსტში შეიძლება, წარიმართოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მისი სუვერენიტეტის სრული პატივისცემით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

„მშვიდობისკენ მიმავალი გზა ვერ გაიკვლევა უკრაინის გარეშე. უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება უკრაინის გარეშე და ევროპასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება ევროპის გარეშე. სკანდინავიურ-ბალტიური რვიანი უკრაინის გვერდით დარჩება, გაერთიანებული მიზანდასახულობით და მტკიცედ ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან, ასევე სხვა პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ სამართლიან, მდგრად მშვიდობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×