რეზონანსი
11.08.2025

17 წელი შინდისის ბრძოლიდან. შინდისის გმირებს დილიდან იხსენებენ მემორიალთან.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაერთო რუსულ ასეულთან.

საოკუპაციო ძალებს, რომლებმაც წინასწარ ჩასაფრება მოაწყვეს, დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცები მათ წინააღმდეგობას თითქმის ორი საათის განმავლობაში უწევდნენ. ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ადგილზე ელოდებიან პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს, მემორიალთან იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები და გმირულად დაღუპულების ახლობლები.

შინდისის გმირის, მარლენ ბარამიას დედა 17 წლის მოვლენებსა და მისი შვილის ისტორიას იხსენებს.  როგორ მედეა გულუა აღნიშნავს, 17 წლის წინანდელი მომხდარი ტკივილი დღემდე არ განელებია, თუმცა ამაყობს, რომ გმირი შვილი ჰყავს. 

"17 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენთვის ეს 17 წელი 17 დღესავითაა. ვერ დავივიწყებ ვერასდროს. დრო ვითომ მკურნალია, მაგრამ არაფერი მკურნალი არ არის. ერთთავად, მაინც ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი გავზარდე. 

აფხაზეთიდან პატარა გადმოვიყვანეთ, იქაც მამამისი იბრძოდა. გამოდის, რომ მეომარი ოჯახიდანაა, ბაბუამისიც მეომარი იყო სამამულო ომში - მამამისიც და ჩემმა შვილმა მთლად დააგვირგვინა", - აღნიშნა  მედეა გულუამ. 

შინდისის ბრძოლაში გმირულად  დაღუპული შვილის ისტორიას იხსენებს ნუნუ ფორჩხიძეც.  როგორც ის აღნიშნავს, რამდენადაც სამწუხაროა ნიკოლოზ ფორჩხიძის დაღუპვა, იმდენად საამაყოა, რომ ის საქართველოსთვის თავდადებული მეომარი და გმირი იყო. 

"2008 წლის ომი რომ დაიწყო 7 აგვისტოს მას შემდეგ დიდ განცდებში ვართ. რამდენადაც სამწუხაროა ჩემი შვილის დაღუპვა, იმდენად საამაყოა საქართველოსთვის თავდადებული გმირის სახელი. 11 აგვისტოს დაურეკა სიძეს, რომ ვბრუნდებითო, შემდეგ აღარ დაბრუნებულა, არ მოსულა მისი სიტყვა. გავიგეთ, რომ აქ იყო დაღუპული. პატრიარქმა გადმოგვისვენა", - აღნიშნავს ნუნუ ფორჩხიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×