
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს რუსეთის განადგურებას, თუ ის უკრაინაში შესაძლო ზავის შემდეგ კიდევ ერთხელ შეიჭრება.
მისი თქმით, ვაშინგტონს სურს, დარწმუნდეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არა მხოლოდ დაასრულებს ომს, არამედ სამუდამოდ მოუღებს მას ბოლოს.
„რჩევა, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპს მივცემდი, არის: არ გააკეთოთ ის, რასაც ჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა აკეთებდნენ. პუტინს მკაფიოდ განუმარტეთ, რომ აქ იმისთვის არ ხართ, რომ რუსეთი დაამციროთ, არამედ იმისთვის, რომ ომი დაასრულოთ. მოხდება ტერიტორიების გაცვლა. უკრაინა ყველა რუსი ჯარისკაცის განდევნას ვერ შეძლებს, რუსეთი კი კიევის აღებას არ აპირებს. დროა, ეს ომი ღირსეულად და სამართლიანად დასრულდეს“, - აღნიშნა სენატორმა.
მან დასძინა, რომ ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება და ამ შემთხვევაში, თუ პუტინი კიდევ ერთხელ შეიჭრება, მას მოუწევს ბრძოლა „მსურველთა კოალიციასთან“ და არა მხოლოდ უკრაინასთან.
„მე კი შემიძლია დახმარება: შევქმნი წინასწარ სანქციებს, რომლებიც რუსეთს მესამე შეჭრის შემთხვევაში გაანადგურებს. ეს ყველაფერი ერთად აღებული თავიდან აგვაცილებს მესამე შეჭრას, ღირსეულად და სამართლიანად დაასრულებს ომს, რასაც თვალს ადევნებს ჩინეთი. ვერ წარმომიდგენია პლანეტაზე უკეთესი ადამიანი, რომელიც პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, ვიდრე ტრამპი. მას პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობა აქვს და ეს კარგია“, - დასძინა მან.