
სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში - მოკლული 24 წლის ბიჭის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ისინი რამდენიმე გარემოებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქმეს ჰყავს 10-მდე მონაწილე და რამდენიმე თვითმხილველი, დაკავებულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები.
მოკლული ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი მეზობლად, სუფრაზე იმყოფებოდა, მოგიანებით კი გაიგეს, რომ სასიკვდილოდ დაჭრეს.
მათივე ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო - სუფრაზე იყო სასმელი, რასაც მოჰყვა პროტესტი.
ისინი ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა თანამონაწილე სხვა პირებიც გამოავლინონ, რადგან, მათი თქმით, ექიმებმა უთხრეს, რომ ორი სხვადასხვა ცივი იარაღით აქვს მოკლულს ჭრილობები მიყენებული.
პატარა დანა თავში ოთხჯერ აქვს დარტყმული, დიდი დანა მკერდში. ერთი მკვლელი ვიცით და მეორე ვინ არის? უმიზეზოდ მოკლეს ჩემი შვილი, რისთვის მოკლა, ის მითხარით. მეგობრები პურს ჭამდნენ, ამას უთქვამს, თქვენ სუფრაზე ღვინო რატომ არისო, მუსულმანები ვართ და რატოსვამთო. ჩემ შვილს უთქვამს, რა შენი საქმეაო და სწორედ, ქეიფის შემდეგ მომხდარა ეს ამბავი. დაურეკავს, მოდი შევრიგდეთო, მისულა და დანა დაურტყიათ. იქვე მოკვდა,- უყვება “პირველებს“ გარდაცვლილის დედა.
მისულა სიბნელეში, ხის ქვეშ, რა მოხდა იქ არ ვიცით, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ ჩემ დიშვილს 4-ჯერ ჰქონია დანა დარტყმული თავში, 3 გულის გარშემო და ერთი ხელში,- ჰყვება ბიძა.
დაკავებულს სოფელში მძიმედ ახასიათებენ, ამბობენ, რომ მუდმივად ჰქონდა კონფლიქტი და თან ყოველთვის ატარებდა ცივ იარაღს.
ადრე დანით კაცი ჰყავს დაჭრილი,ნასამართლევია, პირობითი ჰქონდა. ეგ პოლიციის ხალხია და მაგათ არ იჭერენ. ჩვენ სისხლს ავიღებთ, მაგას არ ვაპატიებთ,- ამბობს ოჯახის ახლობელი.
საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში 26 წლის კაცი მოკლეს - მძიმე დანაშაულისთვის პოლიციამ 21 წლის ბიჭი უკვე დააკავა.
ირკვევა, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული წარსულში ნასამართლევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: tvpirveli