
საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. განზრახ მკვლელობა შეკვეთით და ანგარებით - გამოძიება დაკავებულებს დანაშაულის ორგანიზებას, დაფარვას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და იარაღის შეძენა-შენახვა გასაღებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, ძმებმა მიქაძეებმა, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ჯანგველაძესთან უთანხმოება ჰქონდათ, მკვლელობა მასთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს და კრიმინალურ ავტორიტეტს, გიორგი ჯოხაძეს დაუკავშირდნენ.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს გირაოს შესთავაზებს. ადვოკატები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ბრალეულობის დასამტკიცებლად კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.
"არცერთი კონკრეტული მტკიცებულება იმ მინიმალურ სტანდარტსაც არ პასუხობს, რაც თუნდაც ამ ეტაპისთვის საკმარისი იქნებოდა ისევ და ისევ დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ პირის მიმართ მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა და მით უმეტეს, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე აპირებს ყველაზე მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის მოთხოვნას," - ამბობს ადვოკატი, შოთა მანელიძე.
კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ძმებ მიქაძეების რაიმე კავშირი ამ მკვლელობასთან არ იკვეთება.
"პროკურატურის ინტერესი, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება ამ საქმეში არსებობდეს მკვლელობის შემკვეთი, ბუნებრივია, მათი ინტერესი არის აბსოლუტურად პატივსადები, რათა მოიძებნოს ეს დამკვეთი და სათანადოდ იქნეს დასჯილი. საკმაოდ მოცულობითი მასალებია, თუმცა გარკვეულწილად, მოვასწარით მისი გაცნობა, განსაკუთრებით მოწმეების ჩვენებების. არც ბატონი გიორგი და არც ბატონი დავით მიქაძესთან მიმართებაში რაიმე კავშირი ამ მკვლელობასთან არანაირად არ იკვეთება," - აცხადებს ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი.
საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.
"დღევანდელი შუამდგომლობა, რა თქმა უნდა, იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ სამივეს საფუძველი არსებობს, რაც აუცილებელია პატიმრობის გამოყენებისთვის.