რეზონანსი
14.08.2025

"ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" აინტერესებს, რა არის ხალხის რეალური დაკვეთა. ორგანიზაცია, რომელიც პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის, აცხადებს, რომ საზოგადოებამ "ევროპერსპექტივის" თავსმოხვეული ილუზიის მიღმა უნდა გააცნობიეროს რა სურს ბრიუსელს საქართველოსგან. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ევროპულ ღირებულებებს აცდენილი ევროკავშირი, რომელსაც "დიფ სთეითს" დაქვემდებარებული ევრობიუროკრატები მართავენ, საქართველოს ყალბი დილემის წინაშე აყენებენ. ითხოვენ ისეთი კანონების გაუქმებას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და ეროვნულ იდენტობას. მათი თქმით, მოსახლეობამ უნდა უპასუხოს კითხვას - "არის თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება".

ევროკავშირთან გართულებული ურთიერთობის მიუხედავად, ხელისუფლების სტრატეგიული კურსი უცვლელია - აცხადებენ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია, რომელიც კონსტიტუციითა განსაზღვრული, სწორედ ქართველი ხალხის არჩევანია, თუმცა ბრიუსელის დღევანდელ განცხადებებსა თუ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კონკრეტული კითხვებიც. მაგალითად ის, თუ რატომ არის მიუღებელი გამჭვირვალობა საქართველოსთვის და მისაღები ევროპის ქვეყნებისთვის, ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს ოჯახური ღირებულებების დაცვა.. უმრავლესობის თქმით, ბრიუსელის მიდგომები მიუთითებს, რომ გაფართოების პოლიტიკაზე თავად ევროკავშირი ვერ ყალიბდება.

ოპოზიცია თანახმაა, საქართველომ ბრიუსელის მოთხოვნები გაითვალისწინოს და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები გააუქმოს. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილს კანონმდებლობის შინაარსზე ღიად საუბარი არ სურს, ნაწილი კი პირდაპირ ამბობს, რომ კანონები ევროპულ კავშირთან ფუნდამენტურ აცდენაშია.

ოპოზიციის პოზიცია მმართველ გუნდს არ უკვირს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ევრობიუროკრატების მოთხოვნებს ვერ ეწინააღმდეგებიან, ისევე როგორც თავად ევრობიუროკრატები მაგალითად ამერიკაში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივას. უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ დაუშვებელია, ვიზალიბერალიზაციის საპირწონედ დადგეს ისეთი კანონების გაუქმების მოთხოვნა, რომელიც სწორედ ქართველის ხალხის დაკვეთაა და თან უვიზო მიმოსვლასთან ლოგიკურ კავშირში არ არის.

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, პლებისციტი 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩაატაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×