
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა არის ერთი-ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით. ვგულისმობ, ბევრი საკითხი შეთანხმებულია. არის ერთი ან ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი. თუმცა ვფიქრობ, მათი მიღწევა ახლა შესაძლებელია. ამის გაკეთება ახლა ნამდვილად პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული. და ასევე ვიტყოდი, რომ ევროპული ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ მცირედით. თუმცა, ეს პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული. და, თუ ისინი მოისურვებენ, მე ვიქნები მომავალ შეხვედრაზე. აპირებენ შეხვედრის ორგანიზებას პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტს პუტინსა და ჩემს შორის. ეს არ მითხოვია, მაგრამ მსურს, დავრწმუნდე, რომ ეს იქნება მიღწეული. ამის გაკეთების ძალიან კარგი შანსი გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.
„ფოქს ნიუსის“ წამყვანმა, შონ ჰანითიმ დონალდ ტრამპს ჰკითხა, ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობაზე, რის შედეგადაც რუსეთის უფრო მეტი ტერიტორია იქნება, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების ზომებზე, რომლებიც არ იქნება ნატო-სთან დაკავშირებული, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ისინი ძირითადად შეთანხმდნენ.
„ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომლებიც განვიხილეთ და ეს არის საკითხები, რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით“, – აღნიშნა მან.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინის თანხმობა.
„ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. უკრაინა ამას უნდა დათანხმდეს, შესაძლოა, თქვან არა. დიდ საომარ მანქანას ებრძვიან. ვფიქრობ, ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ამის თქმა არ მომწონს. როდესაც ნამდვილად ახლოს ვარ, მე ყოველთვის ვამბობ, 50/50-ზე, რადგან ბევრი რამ შესაძლოა, მოხდეს. თუმცა, ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს სურს პრობლემის გადაჭრა“, – თქვა მან.
დონალდ ტრამპმა ასევე პუტინთან გამართულ შეხვედრას „ძალიან თბილი“ უწოდა.
„ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის და ძალიან კარგია, როდესაც ისინი ერთმანეთს უგებენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, 10-ბალიანი შკალით რამდენით შეაფასებდით რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მას 10 ქულით შეაფასებდა.