
ჩვენ, ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების 34 წარმომადგენლის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.
„პირველ რიგში, ვაფიქსირებთ პატივისცემას პრინციპული პოზიციისადმი, არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარ წესდებების მიხედვით და ემსახურებით მხოლოდ ქართველ ხალხს. თქვენი მისია - ქალების, ბავშვების, მშრომელთა, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა - დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს. ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA)-ს თანახმად, თქვენი ორგანიზაციები არ ექვემდებარებიან მსგავს რეესტრში რეგისტრაციას. ვაფასებთ თქვენს სიმამაცეს და შეუპოვრობას, რომლითაც აგრძელებთ საქმიანობას უსამართლო თავდასხმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარის პირობებში. თქვენი შრომა აუცილებელია საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად.
თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა“,- ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების ხეოლმომწერი ორგანიზაციები არიან: „ევროპის ფონდი სამოქალაქო იდეა“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ყვარლის ევროკლუბი“, „სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი“; „საქართველოს ევროპული ორბიტა“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“, „სასამართლოს გუშაგი“, „პრევენცია პროგრესისთვის“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „მწვანე ალტერნატივა“, „უფლებები საქართველო“, „ინფორმაციის თავისფლების განვითარების ინსტიტუტი“, ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“,; „თბილისი პრაიდი“; „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი", „საქართველოს მომავლის აკადემია“ , „მედიაომბუდსმენი“, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „ნეტგაზეტი“, „პროაქტივ ჯგუფი საქართველო“; „მედია კლუბი“, „სტუდია რე“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“; „კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“ , „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „სამოქალაქო იდეა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“,.
ცნობისთვის, ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც ედავებიან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას, ასევე, სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში. მათი განმარტებით, მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის თანახმად, რუსული კანონების შესაბამისად ცხოვრებას არ აპირებენ, ამიტომ, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდებიან.