რეზონანსი
16.08.2025

მოსკოვი ომს არ დაასრულებს, ვიდრე არ გააცნობიერებს, რომ მისი გაგრძელება შეუძლებელია, ამიტომ ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი წერს.

როგორც კაია კალასი აღნიშნავს, რუსეთს არ გააჩნია ომის მალე დასრულების განზრახვა.

„პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკავშირმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ალასკის შეხვედრამდე პრეზიდენტ ტრამპთან კოორდინაციაზე იმუშავეს. თუმცა სასტიკი რეალობა ისაა, რომ რუსეთს არ გააჩნია ამ ომის მალე დასრულების განზრახვა. დელეგაციების შეხვედრის დროსაც რუსეთმა უკრაინაზე ახალი თავდასხმები განახორციელა. პუტინი აგრძელებს მოლაპარაკებების გაჭიანურებას და იმედოვნებს, რომ ეს მას შერჩება. მან ანკორიჯი მკვლელობების დასრულების თობაზე რაიმე ვალდებულების აღების გარეშე დატოვა“, – წერს კაია კალასი.

ევროპელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ აშშ-ს აქვს ძალა, აიძულოს რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებაზე წავიდეს.

„ევროკავშირი იმუშავებს უკრაინასთან და აშშ-თან, რათა რუსეთის აგრესიამ წარმატებას არ მიაღწიოს და ნებისმიერი მშვიდობა იყოს მდგრადი. მოსკოვი ომს არ დაასრულებს, ვიდრე არ გააცნობიერებს, რომ მისი გაგრძელება შეუძლებელია. ამიტომ ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობით. ევროპის უსაფრთხოება მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. ომის რეალური მიზეზი რუსეთის იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკაა და არა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წარმოსახვითი დისბალანსი“, – აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×