რეზონანსი
17.08.2025

რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს, იტყობინება The New York Times-ი ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.

წყაროები, კერძოდ, იხსენებენ სატელეფონო საუბრის შინაარსს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან გამართა.

NYT-ის წყაროების ცნობით, ტრამპმა საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინი მოითხოვს, მთელი დონბასი რუსეთს გადაეცეს. ამის სანაცვლოდ, პუტინი დათანხმდება უკრაინის დარჩენილ ტერიტორიებზე სამხედრო მოქმედებების შეჩერებას, რაც ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გაყინვას გულისხმობს. პუტინი ასევე წერილობით პირობას დადებს, რომ აღარ დაესხმება თავს უკრაინას, ან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანას.

პუტინი, ასევე, სავარაუდოდ, დათანხმდა, რომ უკრაინამ ომის შემდეგ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა მიიღოს, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს ნატოს ფარგლებში არ მოხდეს.

NYT-ის წყაროების ცნობით, პუტინმა ასევე მოითხოვა გარანტიები, რომ რუსულ ენას უკრაინაში ოფიციალური სტატუსი მიენიჭება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ შეძლებს ფუნქციობას.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპის იმედის მიუხედავად, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა ჩატარდება, პუტინი კვლავ უარს ამბობს ამაზე, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკის ხელოვნური ქვეყნის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×