
დღევანდელ მსოფლიოში არის ორი დიდი გამოწვევა: ერთი - პუტინი და ტრამპი რაზე შეთანხმდებიან და მეორე - გახარია და ხაზარაძე შეთანხმდებიან თუ არა საერთო კანდიდატზე. ვფიქრობ, რომ პუტინი და ტრამპი უფრო მალე შეთანხმდებიან, ვიდრე გახარია და ხაზარაძე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ასეთ არასერიოზულ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ექნებათ.
„აი, ამ დონეზე მიიყვანეს საქმე და ეს მაშინ, როდესაც თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი არჩევნებამდე. რეალურად ამომრჩეველმა ისიც კი არ იცის კანდიდატი ვინ იქნება, არამც თუ ის, რომ გადაწყვიტოს საერთოდ მისცეს თუ არა ხმა მათ კანდიდატს. ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ და ბუნებრივია, რომ ასეთ არასერიოზულ პოლიტიკურ პარტიებს არანაირი შანსი არ ექნებათ არჩევნებზე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევარი რჩება. ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ამ დრომდე არც პარტიულ სიებზე და არც საერთო კანდიდატებზე არ შეთანხმებულა.