
რა პირობები აქვს ვლადიმერ პუტინს? - Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იმ მოთხოვნებს ასახელებს, რომელიც მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აქვს.
გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმების რუსული ვარიანტის თანახმად, კიევმა სრულად უნდა დატოვოს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები. სანაცვლოდ, გაიყინება ფრონტის ხაზი ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთ რეგიონებში.
რუსეთი მზად არის დაუბრუნოს უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების შედარებით მცირე ნაწილი - საუბარია 440 კვადრატულ კილომეტრზე სუმის და ხარკოვის რეგიონებში.
კრემლის ლიდერი ასევე ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, სულ მცირე, რუსეთის სუვერენიტეტის ფორმალურ აღიარებას ყირიმზე, რომლის ანექსირებაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა.
შეთანმხების გაფორმების შემთხვევაში, უკრაინას აეკრძალება ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანება, თუმცა, როგორც ჩანს, პუტინი ღიაა უკრაინას უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები მიეცეს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს იდეა - უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ნატოს სამხედრო ალიანსის გარეთ "მე-5 მუხლის" სტილის გარანტია ამოქმედდეს.
ვლადიმერ პუტინი ასევე მოელის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნას.
დასავლური მედიის წყაროების ცნობით, კრემლი მოითხოვს რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს უკრაინის გარკვეულ ან მის მთელ ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას უნდა მიეცეს თავისუფლად მოქმედების უფლება.
სტატიიდან ირკვევა, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზება გამორიცხავს ცეცხლის შეწყვეტას ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევამდე, რითაც ავტომატურად იბლოკება ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი მოთხოვნა - უკრაინის ტერიტორიაზე დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.