რეზონანსი
17.08.2025

მასშტაბური ხანძრები, როგორიც ევროპას ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ახსოვს, განსაკუთრებით მძვინვარებს ესპანეთში. ქვეყნის ჩრდილოეთით სტიქიამ 150 000 ჰექტარის ფართობი თითქმის სრულად გაანადგურა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, ათობით მოქალაქე კი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ქვეყნის ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან 10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. მოქალაქეების ნაწილი საცხოვრებელ სახლებს საკუთარი სურვილით ტოვებს, ნაწილს კი სამაშველო სამსახური ტერიტორიას იძულებით ატოვებინებს.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა გალისიას ავტონომიურ თემში, სადაც ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. მაშველებთან ერთად სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვიან ადგილობრივებიც.

ცეცხლის ალშია გახვეული ისტორიული ძეგლებიც. ქალაქ ვერინში განადგურებულია მე-17 საუკუნის ციხე-სიმაგრის ირგვლივ არსებული ლანდშაფტი. ხანძარმა დააზიანა ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც ადგილობრივებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სამხრეთის ქარი, უკიდურესად მაღალი ტემპერატურა და რთული რელიეფი - ამ მიზეზებით, მაშველები ჯერაც ვერ ახერხებენ ქვეყნის მასშტაბით 20-მდე მსხვილი კერის ლოკალიზებას. სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია ავიაცია. დახმარების მიზნით, ესპანეთში სამაშველო ვერტმფრენები გაგზავნა სფრანგეთმაც.

ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან ესპანეთის მეზობელ სახელმწიფოშიც. ჩრდილოეთ მაროკოში ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია რთულ რელიეფზე მიმდინარეობს. ტყის მასივთან ერთად ხანძარმა უკვე გაანადგურა ზეთისხლის ბაღები, პირუტყვი, ფერმები და საცხოვრებელი სახლები.

სტიქია მძვინვარებს პორტუგალიაშიც. ცეცხლმა აქ უკვე 52 000 ჰექტარის ფართობი გაანადგურა. ხანძარმა მძიმე კვალი დაატყო საბერძნეთსაც. ლანდშაფტთან ერთად, დამწვარია ქარხნები, სახლები და 500-ზე მეტი ავტომობილი.

ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, წელს ევროკავშირში ხანძრების შედეგად უკვე დამწვარია 512 000 ჰექტარის ტყის მასივი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×