
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მისი სურვილია, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები „ნეიტრალურ ქვეყანაში" გამართონ, როგორიცაა შვეიცარია. როგორც მან აღნიშნა, ის მხარს უჭერს შეხვედრის ჟენევაში გამართვას.
როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, მისი სურვილია ზელენსკისა და პუტინის სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელი ლიდერებიც იხილოს.
„ბიბისის" ცნობით, ეს კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეკომპანია LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„ამავე დროს ჩვენ დავიწყებთ კონკრეტულ სამუშაოს ამერიკელებთან, რათა ვნახოთ, თუ ვინ რისი გაკეთებისთვის არის მზად", - თქვა მაკრონმა.
რაც შეეხება უკრაინის მხრიდან დათმობებზე წასვლას, მაკრონმა განაცხადა, რომ „უკრაინა წავა იმ დათმობებზე, რომლებსაც სამართლიანად და კარგად მიიჩნევს".
„მშვიდობა ვერ იქნება კაპიტულაცია, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და ევროპელებისთვის", - აღნიშნა მაკრონმა.