
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს „მტაცებლად" მოიხსენიებს. მისი თქმით, საქართველოში 2008 წელს შეჭრის შემდეგ პუტინს იშვიათად დაუცავს თავისი დაპირებები და ძალაუფლების გასაზრდელად საზღვრების ცვლილებას ცდილობს.
„საკუთარი გადარჩენისთვის მან უნდა გააგრძელოს ჭამა, ის მტაცებელი მონსტრია ჩვენს კარიბჭესთან", - განაცხადა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, „რუსეთი გახდა მუდმივი დესტაბილიზაციური ძალა და პოტენციური საფრთხე მრავალი ჩვენგანისთვის".
„2007-2008 წლიდან პრეზიდენტ პუტინს იშვიათად შეუსრულებია თავისი დაპირებები. ის მუდმივად წარმოადგენს დესტაბილიზაციურ ძალას და საკუთარი ძალაუფლების გასაფართოებლად მიისწრაფვის საზღვრების გადახედვისკენ", - აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მაკრონს მიაჩნია, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ორი სახის უსაფრთხოების გარანტია - ძლიერი უკრაინული არმია და ევროპული ჯარის მხარდაჭერა.
მაკრონი განმარტავს, რომ წინააღმდეგია უკრაინისთვის ნაჩქარევი სამშვიდობო შეთანხმების, საიმედო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.
„მშვიდობა არ უნდა იყოს ნაჩქარევი და ზურგს უნდა უმაგრებდეს მტკიცე გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საწყის წერტილს დავუბრუნდებით", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა „ენბისი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება თუ იქნება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის სიტყვას არასდროს შეასრულებს.
„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა. ეს იყო საქართველო 2008 წელს, ეს იყო ყირიმი 2014 წელს. აბსოლუტურად ცხადია, რომ თუ იქნება ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის სიტყვას არასდროს შეასრულებს, არასდროს დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს. ჩვენთვის ეს კრიტიკულია და ეს არის ნებისმიერი შეთანხმების არსებითი ნაწილი უკრაინისთვის და ევროპელებისთვის. ეს ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას ეხება", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.