რეზონანსი
19.08.2025

 ვაშინგტონი, თეთრი სახლი - 18 აგვისტო, როგორც შტატების პრეზიდენტი აანონსებდა, დიდი და ისტორიული დღე აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჯერ უკრაინელი კოლეგა, შემდეგ კი ევროპიდან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩასული ლიდერები მიიღო. თეთრი სახლი უკრაინის პრეზიდენტმა სასურველი შედეგით დატოვა. თქვა, რომ თავისი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და ახლა ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრისთვის მზად არის.

დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას კონსტრუქციულად აფასებენ ევროპელი ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანიც.

ტრამპი ტელეფონით პუტინს ორჯერ ესაუბრა. სწორედ ამ მიზეზით შეწყდა რამდენიმე წუთით ამერიკის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრა. მეორე სატელეფონო ზარი კი ვაშინგტონიდან მოსკოვში ყველა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განხორციელდა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მზადება უკვე დაიწყო. ახლა მსოფლიო დაპირისპირებული ქვეყნების პირველი პირების მოლაპარაკებისთვის სავარაუდო ადგილს არჩევს.

სანამ ვაშინგტონი პუტინის და ზელენსკის ერთ მაგიდასთან დასმას ცდილობს, მოლაპარაკების მაგიდასთან მსოფლიომ უკვე იხილა შტატების, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის პირველი პირები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. მთავარი მიზანი მშვიდობის დამყარება იყო. ისაუბრეს უკრაინის დახმარებაზე.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტი კმაყოფილებას ვერ მალავდა - თქვა, რომ ის არის მსოფლიოს მთავარი ადამიანი. სერიოზული საკითხების განხილვის პარალელურად შეხვედრის ოთახში იყო ბევრი კომიკური მომენტი. მთავარი გმირი აქაც დონალდ ტრამპი იყო.

ევროპელ ლიდერებთან შეხვედრამდე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგას ხვდებოდა. გაიმართა პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში შავი პერანგით და პიჯაკით მივიდა, რომელიც მანამდე რომის პაპის დაკრძალვაზე, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზთან შეხვედრაზე და ნატოს სამიტზე ეცვა. ეს იყო შუალედური ვარიანტი სამხედრო ფორმასა და კოსტიუმს შორის. დონალდ ტრამპისგან პირველი კომპლიმენტი სწორედ ჩაცმულობასთან დაკავშირებით მიიღო.

ხუმრობით თუ მის გარეშე, დონალდ ტრამპმა მოახერხა უკრაინის პრეზიდენტის დარწმუნება, რომ დასთანხმდეს რუს კოლეგასთან შეხვედრას და ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინთან საუბარს. ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ახლა მთელი მსოფლიო ამერიკის 47-ე პრეზიდენტისგან მორიგ დიდ ნაბიჯს ელოდება - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უნდა დააორგანიზოს. მუშაობა უკვე დაწყებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×