რეზონანსი
20.08.2025

უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის მზადყოფნა ათამდე ქვეყანამ გამოთქვა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი" ავრცელებს ინფორმაციას.

ომის დასრულების შემდეგ უცხო ქვეყნების სამხედრო კონტინგენტი უნდა ჩაერთოს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაში ფრონტის ხაზიდან მოშორებით.

მედიასაშუალების ცნობით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი მიმდინარე კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს. როგორც „ბლუმბერგი" აღნიშნავს, ევროპელი ლიდერები ცდილობენ, კიევი უფრო ძლიერ პოზიციაზე დააყენონ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის წინ.

„ბლუმბერგის" წყაროების ინფორმაციით, გუშინ ევროპელი მაღალჩინოსნების ონლაინ შეხვედრაზე განიხილებოდა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში ბრიტანული და ფრანგული ჯარების გაგზავნა. მედიასაშუალების რესპონდენტები აცხადებენ, რომ უკრაინაში ძალების გაგზავნისთვის მზადყოფნა, დაახლოებით, 10-მა ქვეყანამ გამოთქვა. თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა როლი ექნება აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებში. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში ამერიკელ კოლეგებს შეხვდებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და ძალების განთავსება საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, გუშინ „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში დონალდ ტრამპმა გამორიცხა უკრაინაში ამერიკელი სამხედროების განთავსება, თუმცა თქვა, რომ ამის სურვილი რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა და ამას არ ეწინააღმდეგება. ტრამპის განცხადებით, აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას საჰაერო საშუალებებით გაუწიოს მხარდაჭერა. ამასთან, მან გამორიცხა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×