რეზონანსი
21.08.2025

 შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის უნდა შედგეს, თუმცა, როდის და სად - ჯერ კიდევ უცნობია. ცნობილია ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების სურვილი - მხარეების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორმა პრეზიდენტმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვას.

ციურიხი, ვენა, სტამბული თუ ბუდაპეშტი - რომელ ქალაქში დასხდებიან ერთი მაგიდის გარშემო ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი? უკრაინაში მიმდინარე 3-წლიანი ომის ფონზე, შესაძლო ვარიანტებზე დღეს თავად ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკისთვის უნგრეთი პუტინთან შესახვედრად ხელსაყრელ ლოკაციას არ წარმოადგენს, ბუდაპეშტიდან კიევში დღეს კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი გაიგზავნა - კონსერვატიული სახელმწიფოს ნომერ პირველი დიპლომატი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს ეუბნება, რომ უნგრეთს მხოლოდ მშვიდობა სურს. პიტერ სიიარტო, აქვე, პირობას დებს, რომ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში, შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩატარდება.

სამშვიდობო ძალისხმევა არ იქნება წარმატებული, თუ კრემლის პირობები არ შესრულდება - ამას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს. სერგეი ლავროვი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრამდე მხარეების მხრიდან ყველა განსახილველი პირობის წინასწარ შეთანხმებას ითხოვს.

რას მოიცავს სტამბულის შეთანხმება, რომელიც 2022 წელს მოსკოვმა კიევს შესთავაზა? ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ითხოვს უკრაინის თავდაცვის ძალების მილიონ ორასი ათასიდან 85 000-მდე შემცირებას; კიევმა უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი და უარი თქვას ნატო-ზე, ანექსირებული ყირიმის საკითხი უნდა მოგვარდეს 10-15-წლიანი მოლაპარაკების შედეგად, ძალის გამოყენების გარეშე; დონეცკისა და ლუჰანსკის რიგ რაიონებს უნდა გადაეცეთ ფართო ავტონომია; უკრაინას უნდა აეკრძალოს შინ უცხო ქვეყნის ჯარის განთავსება.

სწორედ ეს უკანასკნელი არის ის, რასაც უკრაინა ითხოვს. კიევს უნდა, მის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, ევროპელი სამხედროები განალაგოს. ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტიც. ჯეი დი ვენსი ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.

ომი უკრაინაში უკვე 3 წელია გრძელდება. მოლაპარაკების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოსკოვმა და კიევმა კონკრეტულ შეთანხმებას კვლავაც ვერ მიაღწიეს. ახლა კი, როდესაც მსოფლიო ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია, კრემლი უკრაინული ქალაქების დაბომბვას კვლავ განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×