
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დროულად დასხდომისკენ მოუწოდებს.
დონალდ ტრამპი გაბრაზებას არ მალავს და ამბობს, რომ თავადაც მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ იმოქმედებს, თუ ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს არ შეხვდება.
„ვნახოთ, იმუშავებენ თუ არა ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთად. იცით, ეს არის როგორც ზეთი და ძმარი. ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან აშკარა მიზეზების გამო. მაგრამ ვნახოთ, მომიწევს თუ არა იქ ყოფნა. მირჩევნია არ ვიყო, მირჩევნია შეხვედრა ჰქონდეთ და ვნახოთ რის გაკეთებას შეძლებენ. ამასობაში, ისინი განაგრძობენ ბრძოლას და ადამიანების ხოცვას, რაც დიდი სისულელეა, რადგან ახლა კვირაში 7 000 ადამიანს კარგავენ. დაფიქრდით, კვირაში საშუალოდ 7 000 ადამიანს კარგავენ, ძირითადად ჯარისკაცებს. ასე, რომ გვინდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის შეჩერება. მე 7 ომი შევაჩერე, მეგონა ეს საშუალო სირთულის იქნებოდა და ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ორ კვირაში მეცოდინება რუსეთის დამოკიდებულება, ასევე უკრაინის. შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავაწესოთ თუ არა მასიური სანქციები, მასიური ტარიფები ან ორივე ერთად. ან საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ და ვთქვათ - ეს თქვენი ომია", - აცხადებს დონალდ ტრამპი.