რეზონანსი
27.08.2025

კავშირი „საფარი“ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ანგარიშებს დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და „შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“.

„27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, „საფარის“ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. 

„საფარი“ 24 წელია მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. 

ჩვენ ვამაყობთ, რომ ათასობით ქალს და ბავშვს დავეხმარეთ ამ წლების განმავლობაში, დავეხმარეთ მათ ძალადობის შეჩერებაში, სამართლიანობის აღდგენაში და ზოგადად გადარჩენაში. ჩვენი საქმიანობა ყოველთვის მიზნად ისახავდა ქალების გაძლიერებას სოციალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად. 

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „საფარის“ ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩვენს წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული სტილის რეპრესიების გაძლიერებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას. 

ვაცხადებთ, რომ „საფარი“ განაგრძობს ბრძოლას სიმართლისა და სამართლიანობისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოეხმაუროს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებულ უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოში“, - აღნიშნულია კავშირი „საფარის“ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×