რეზონანსი
27.08.2025

ახლოვდება 31 აგვისტო და ვხედავთ იმასაც, რომ ანტიქართული „ოცნების“ რეჟიმი არაფერს აკეთებს ევროპული კომისიის დასკვნის შესასრულებლად, რაც უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს გამართული ინსტიტუტები, რეალური მშვიდობა და ნამდვილი კეთილდღეობა.

„კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა „ქართული ოცნების“ ანტიეროვნულ და ანტიევროპულ პოლიტიკაზე - მას მერე რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51-მა დეპუტატმა, ევროსაბჭოს მმართველ ორგანოს, მინისტრთა კომიტეტს, საქართველოს წევრობის საკითხის პოტენციური გადახედვისკენ მოუწოდა, იმ შემთხვევაში თუ არ შეიცვლება არსებული ავტორიტარული კურსი, დღეს ვხედავთ, რომ ევროსაბჭოს სამართლის ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელოვანი დასკვნა ღიად ამბობს, რომ ე.წ. „აგენტების კანონი“ არ შეესაბამება ევროპულ სულისკვეთებას და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ არაერთ უფლებასთან. დასკვნა ღიად ამბობს, რომ არ არის ცხადი და მეტიც, გაუგებარია ამ კანონის საჭიროება და მიზნობრიობა. დასკვნა აგრეთვე ამბობს, რომ კანონის აღსრულება გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და შეუსაბამო იქნება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ აღებულ ისტორიულ, სამართლებრივ და მორალურ ვალდებულებებთან.

ამავე დროს, ვხედავთ, რომ ახლოვდება 31 აგვისტო და ვხედავთ იმასაც, რომ ანტიქართული „ოცნების“ რეჟიმი არაფერს აკეთებს ევროპული კომისიის დასკვნის შესასრულებლად, რაც უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი. ვხედავთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ევროსაბჭოს წევრობა. ამავე დროს, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ და მილიონობით ქართველმა დაკარგოს უვიზოდ მიმოსვლის უნიკალური კომფორტი და პრივილეგია. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს გამართული ინსტიტუტები, რეალური მშვიდობა და ნამდვილი კეთილდღეობა. ეს არის ყველაზე ნათელი დასტური იმის, თუ რატომ უნდა გამოვიდეს ქართველი ხალხი და გამოიყენოს ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რაც არის ჩვენს ხელთ, იქნება ეს მოახლოებული არჩევნები, პროტესტი თუ ჩვენი ხმის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი რეჟიმი დაზარალდეს, დაბეჩავდეს და დამარცხდეს უკლებლივ ყველა შესაძლო ფრონტზე.

ამისთვის ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვართ შესული ძალიან აქტიურ კამპანიაში, იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო. მინდა ყველა გულანთებულ ქართველს, პატრიოტს, მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სახელმწიფო და პროევროპული კურსის შენარჩუნება, მოვუწოდო აქტიურობისკენ, ბრძოლისკენ და რასაკვირველია, პროტესტისკენ, იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ქართული სახელმწიფო, დავიბრუნოთ სახელმწიფოს წართმეული ევროპული გზა და შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც რეალურ მშვიდობას, რეალურ კეთილდღეობას და ძლიერ ქართულ სახელმწიფოებრიობას გულისხმობს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×