რეზონანსი
27.08.2025

შუამთის ქუჩა N40ა-ში, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება 11-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა, რის შემდეგაც გარემონტებული ფართებით ელდარის ქ. N12-ის მოსახლეობის ნაწილი დაკმაყოფილდება.

„აღნიშნულ მოსახლეობას დროებით იჯარით მერია უზრუნველყოფს. შუამთის ქუჩა N40ა-ში აშენებულ ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ის (ყოფილი 109-ე სკოლის შენობა) მოსახლეობას. საუბარია 55 საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, მერის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი დასრულდა ვარკეთილის მესამე მასივში, მე-10 კვარტლის N9-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით.

„აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში გახლდათ. მოხდება მისი დემონტაჟი და ამ ადგილას 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა აშენდება. შედეგად, 44 ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, „ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამაში აქტიურად ჩაერთონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×