მარიამ ვეკუა
03.09.2025

„მშვიდობა თუ ომი?" - ამ გზავნილით პეკინში გამართული სამხედრო აღლუმი, სადაც ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები პირველად ერთად საჯაროდ გამოჩნდნენ, საერთაშორისო განხილვის ეპიცენტრში მოექცა. ანალიტიკოსების თქმით, მათი დემონსტრაციული შეხვედრა დასავლეთისთვის, მკაფიო სიგნალია რომ პეკინი ახალ მსოფლიო წესრიგს აცხადებს და გლობალურ დაპირისპირებაში ლიდერის როლზე პრეტენზიას ამყარებს.

ანალიტიკოსების თქმით, აღლუმი მიზნად არა მხოლოდ ჩინეთის ძლიერების პროეცირებას ისახავდა, არამედ პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებასაც.

„აღლუმი სი ძინპინს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ყურადღება სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციის შთამბეჭდავ ნაბიჯებზე გაამახვილოს და ამავდროულად, ჩინეთის არმიის წინაშე არსებული ჯიუტი გამოწვევები, განსაკუთრებით კი მისი უმაღლესი სარდლობის რიგებში მიმდინარე მუდმივი წმენდები დაჩრდილოს", - განაცხადა ჯონ ძინმა, აშშ-ში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსმა.

თავის მთავარ მიმართვაში სი ძინპინმა ჩინელი ერის გაახალგაზრდავებას „შეუჩერებელი" უწოდა. „როიტერზის" ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეებს აღლუმის ყურება და საკუთარი რეაქციების ჩაწერა დაევალათ.

პომპეზურობისა და პროპაგანდის მიღმა, ანალიტიკოსები აკვირდებიან, შეძლებენ თუ არა სი ძინპინი, პუტინი და კიმი თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სიგნალის მიცემას - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივნისში რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების პაქტს, და მსგავსი ალიანსი პეკინსა და ფხენიანს შორისაც გაფორმდა.

„სი დარწმუნებულია, რომ სიტუაცია შეიცვალა. ახლა ჩინეთია ის, ვინც ლიდერის პოზიციაზე დაბრუნდა," - განაცხადა ვენ-ტი სუნგმა, ატლანტიკური საბჭოს გლობალური ჩინეთის ცენტრის თანამშრომელმა, რომელიც ტაივანშია დაფუძნებული.

ტრიადას პირველი საჯარო გამოჩენა

სი ძინპინმა სამხედრო აღლუმზე განაცხადაა, რომ მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას, არჩევანი კი მშვიდობასა და ომს შორის უნდა გაკეთდეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და იაპონიის დამარცხების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დასავლელი ლიდერები არ ესწრებოდნენ.

„დღეს კაცობრიობა არჩევანის წინაშე დგას: მშვიდობა თუ ომი, დიალოგი თუ დაპირისპირება, ორმხრივი მოგება თუ ნულოვანი ჯამი", - უთხრა სი ძინპინმა ტიანანმენის მოედანზე 50 000-ზე მეტ მაყურებელს და დასძინა, რომ ჩინელი ხალხი „ისტორიის სწორ მხარესმტკიცედ დგას ".

70-წუთიანი ჩვენების დროს, რომელიც 80 000 მშვიდობის ფრინველის გაშვებით დასრულდა, ვერტმფრენები და გამანადგურებლები დემონსტრაციულად დაფრინავდნენ. პუტინსა და კიმს შორის დამთვალიერებელთა გალერეაში მჯდომ სი ძინპინს შორის საუბარი არაერთხელ შედგა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამივე ლიდერი საჯაროდ ერთად გამოჩნდა.

მოგვიანებით, პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმს უკრაინის ომში მისი ჯარისკაცების მამაცური ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის დასახმარებლად ყველაფრისთვის მზადაა.

„სანამ შეთქმულება მზადდება"

აღლუმის დაწყებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„დიდი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, ახსენებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც აშშ-მ ჩინეთისთვის გაიღო, - იკითხვა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისკენ სწრაფვაში. „იმედი მაქვს, რომ მათ სამართლიანად პატივს მიაგებენ და დაიმახსოვრებენ თავიანთი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის!"

აშშ-ის პრეზიდენტმა სი ძინპინს მიმართა, პუტინს და კიმ ჩენ ინს მოკითხვა გადასცეს.

„გთხოვთ, გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ", - დაწერა ტრამპმა.

მან პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინელ ხალხს „ დიდი და ხანგრძლივი სადღესასწაულო დღე" უსურვა.

ჩინეთის გლობალური ხედვა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მეორე მსოფლიო ომი „ჩინელი ერის დიდი გაახალგაზრდავების" მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტად მიიჩნია, რომლის დროსაც მან იაპონიის შემოჭრით გამოწვეული დამცირება გადალახა და გლობალურ ძალად იქცა.

ამ კვირის დასაწყისში, რეგიონულ უსაფრთხოების სამიტზე, სი ძინპინმა ახალი მსოფლიო წესრიგის ხედვა წარმოადგინა და პარტნიორებს „ჰეგემონიზმისა და ძალაუფლების პოლიტიკის" წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლისკენ მოუწოდა .

სახალხო დიდ დარბაზში, აღლუმის შემდეგ გამართულ მიღებაზე, სი ძინპინმა სტუმრებს უთხრა, რომ კაცობრიობა „ჯუნგლების კანონს" არ უნდა დაუბრუნდეს.

ჩინეთში ვიზიტისას პუტინმა უკვე გააფორმა შეთანხმებები ენერგეტიკის სფეროში, მაშინ როცა ამ შეხვედრამ განმარტოებულ კიმ ჩენ ინს საშუალება მისცა, აკრძალული ბირთვული იარაღის საკითხში ირიბი მხარდაჭერა მოეპოვებინა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×