მარიამ ვეკუა
03.09.2025

ჩეხეთის ექსპრემიერ ანდრეი ბაბიშს საარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხნენ. მისი ოპოზიციური პარტია, „ანო", არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ლიდერობს, ხოლო მისი წარმატება საფრთხის სიგნალს უშვებს ევროპისთვის: ცენტრალურ ევროპაში შესაძლოა ვიქტორ ორბანის მსგავსი კიდევ ერთი მემარჯვენე ლიდერი გამოჩნდეს. ვინ არის ბაბიში და რატომ დაიმსახურა ორბანის გულმხურვალე მხარდაჭერა?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ორშაბათს ჩეხეთის ექსპრემიერ ანდრეი ბაბიშს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ მორავიაში საარჩევნო კამპანიის ღონისძიების მონაწილემ ყავარჯნით თავის არეში დააზიანება მიაყენა.

ინციდენტი ფრიდეკ-მისტეკის მახლობლად მოხდა, სადაც ანდრეი ბაბიში თავისი ოპოზიციური მოძრაობის, „ანოს" („უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია") საარჩევნო მიტინგზე გამოდიოდა. თვითმხილველების, მათ შორის პარლამენტის წევრ ალეშ იუჩელკას თქმით, მამაკაცმა ბაბიშს ყავარჯენი რამდენჯერმე დაარტყა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა და ახლა გამოძიებას აწარმოებს.

თავდასხმას მაშინვე მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვიქტორ ორბანმა პარალელი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოზე ბოლო დროს მომხდარ მკვლელობის მცდელობასთან გაავლო. „სლოვაკეთის შემდეგ, ძალადობამ ჩეხეთის პოლიტიკაშიც შეაღწია", - დაწერა უნგრეთის პრემიერმა „იქსზე".

მან ბაბიშის დემონიზაციაში მისი პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა და თქვა, რომ დარწმუნებულია ბაბიშის გამარჯვებაში. „მალე გამოჯანმრთელდი, ჩემო მეგობარო", - დაასრულა თავისი პოსტი ორბანმა.

გვიან საღამოს ანდრეი ბაბიშმა „იქსზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ექიმებმა დასვენება ურჩიეს.

„მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, კარგად ვიქნები. ხვალ ტესტის შედეგების შემდგომ შეფასებას ველოდები, მაგრამ ექიმებმა დასვენება მირჩიეს, ამიტომ, სამწუხაროდ, ოლომოუცის რეგიონში ხვალინდელი პროგრამის გაუქმება მაინც მომიწევს. გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ყველას, ვისაც ჩემთან შეხვედრა სურდა."

ცენტრისტობიდან მემარჯვენეობმადე - ვინ არის ბაბიში?

საინტერესოა ისიც, რომ ბაბიში და ორბანი ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას ხშირად გამოხატავენ. ბაბიში ორბანს „მეგობარს" უწოდებს და მის მთავრობას მხარს უჭერს. მათი პოლიტიკური თანამშრომლობა და ურთიერთობები ხშირად განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ცენტრალურ ევროპაში.

ანდრეი ბაბიში ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური მოძრაობა „ანო 2011"-ის დამფუძნებელი და ლიდერია. მისი პოლიტიკური სტილი კი ხშირად დონალდ ტრამპთანაა შედარებული და „ჩეხ ტრამპადაც" მოიხსენიებენ.

გამოკითხვების თანახმად, „ანო"ამჟამად ოპოზიციაშია, მაგრამ მას კარგი შანსი აქვს, 3-4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ბოლო გამოკითხვებით, ბაბიშის მოძრაობა ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს.

„ანო 2011" 2012 წელს დაარსდა და თავდაპირველად ანტიკორუფციულ მოძრაობად პოზიციონირებდა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩეხეთის პოლიტიკური სისტემის რეფორმირებას. პარტია თავს უპირისპირებდა ტრადიციულ პოლიტიკურ ელიტებს და აცხადებდა, რომ ისინი არ პასუხობდნენ მოქალაქეთა საჭიროებებს. პარტიის იდეოლოგია ძირითადად ცენტრისტულია, თუმცა ბოლო წლებში უფრო მარჯვნივ გადაიხარა.

ბაბიშის პარტიაში გამოხატულია ევროსკეპტიციზმი, თვითონ ბაბიში კრიტიკულად არის განწყობილნი ევროკავშირის მიმართ, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ეხება სუვერენიტეტსა და ეროვნული ინტერესების დაცვას. გარდა ამისა ბაბიშის რიტორიკა მიგრაციის მიმართ ემთხვევა მემარჯვენეების შეხედულებებს.

ბოლო წლებში „ანო 2011" უფრო მარჯვნივ გადაიხარა და ხ2024 წლის ევროპულ არჩევნებში "პატრიოტების ევროპისთვის" ჯგუფში გაერთიანდა, რომელიც ევროსკეპტიკური და ნაციონალისტური პარტიების გაერთიანებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×