
რუსეთის ჯარმმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონზე მორიგი მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლიც. რა ვითარებაა ფრონტზე და რა ახალი მიმართულებები იკვეთება? რუსეთს გეოსტრატეგიული გეგმები შეეცვალა და ახლა ახალ საშემოდგომო სტრატეგიულ შეტევას ახორციელებს, აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია.
„რუსებს აქვთ ახალი საშემოდგომო სტრატეგიული შეტევა. სტრატეგიულ ოპერაციას ახორციელებენ, ფაქტობრივად, მათ შეეცვალათ გეოსტრატეგიული გეგმები - ანუ ახლა მათ უარი თქვეს უკრაინის მთლიან ოკუპაციაზე, შესაბამისად, დედაქალაქ კიევზე დარტყმებზე. მათი ამჟამინდელი მთავარი ამოცანაა დნეპრისპირა რეგიონების ოკუპაცია და ანექსია. გარდა ამისა, დნეპრის მარცხენა მხარეს, სუმისა და ხარკოვის რეგიონებში, მათი მიზანია შექმნან უსაფრთხოების ზონები, როგორებიც თურქეთმა გააკეთა სირიაში.
„ასეთი ზონის შექმნა არის მათი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ამოცანა. საუბარია 30-40 კილომეტრის სიგრძის უსაფრთხოების ზონებზე, რათა შეამცირონ უკრაინელების დარტყმები და დრონების იერიშები, ასევე, რუსეთის ტერიტორიაზე არ მოხდეს უკრაინული შეიარაღებული ძალების შეჭრა, როგორც იყო 2024 წელს, კურსკის ოლქის ნაწილის დაკავების დროს. ეს არის დღეს რუსეთის მთავარი ამოცანა."
მაისაია ამბობს, რომ ეს გეოსტრატეგიული მისია მოიცავს ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრულ ოკუპაციას.
„კიდევ ერთი ნიუანსია ნიკოლაევისა და ოდესის დაკავება და მათი გამოცხადება „თავისუფალ ზონებად". ერთი სიტყვით, აპირებენ ამის განხორციელებას სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში," - განაცხადა მაისაიამ.
მან ყურადღება გაამახვილა ზელენკისა და პუტინის შეხვედრის პერსპექტივაზეც, ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობით შეხვედრის მოლოდინი არა აქვს.
„ჯერჯერობით მოლაპარაკებებში პროგრესი არ მგონია იყოს, პუტინი ახლა უბრალოდ მასხრობს, მისი ფუჭი სიტყვებია, თითქოს ზელენსკი მოსკოვში ელოდება," - დასძინა მაისაიამ.
სექტემბრის მონაცემები
უკრაინული მედიის ინფრომაციაზე დაყრდნობით, დასავლეთ უკრაინაში, ხმელნიცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები.
„კიევ ინდეპენდენტის" ცნობით, ოთხშაბათს რუსულმა თავდასხმებმა უკრაინაში სულ მცირე 35 ადამიანი დაჭრა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი" იტყობინება, რომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩამოაგდეს 170 უკრაინული დრონი, ხუთი მართვადი საჰაერო ბომბი და ორი რაკეტა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით კი მათ ჩამოაგდეს 430 რუსული დრონი და 21 რაკეტა.
დრონის თავდასხმის შედეგად, რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ ბელიცაში 52 წლის მამაკაცი დაიღუპა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ხინშტეინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის ქალაქის „დაახლოებით ნახევარი" დაიკავეს.
უკრაინის მე-10 არმიის კორპუსმა ეს უარყო და ტელეგრამზე დაწერა:
„რუსი ოკუპანტების ყველა მცდელობა, გამოიყენონ ადგილები პროპაგანდისტული ვიდეოების დეკორაციად, წარუმატებლობისთვის არის განწირული."
პუტინი: „ზელენსკი მოსკოვში ჩამოვიდეს"
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის შეხვედრისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თუ შეხევდრა რუსეთის ტერიტორიაზე შედგება.
„დონალდ [ტრამპმა] ასეთი შეხვედრა მთხოვა, მე ვუთხარი: „დიახ, შესაძლებელია, ზელენსკი მოსკოვში ჩამოვიდეს," - თქვა პუტინმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ პუტინის მოწვევას უპასუხა და თქვა, რომ რუსეთის ლიდერი „აგრძელებს უაზრო ხუმრობას" და ის „შეგნებულად მიუღებელი წინადადებებს აჟღერებს".
სიბიჰას თქმით, პუტინმა შეთავაზება მაშინ გააჟღერა, როცა იცის, რომ შვიდი ქვეყანა ორ ლიდერს შორის შეხვედრის მასპინძლობის საკითხს განიხილავს, რისთვისაც ზელენსკი ნებისმიერ დროს მზად არის.
ზელენსკის განცხადებით, თუ პუტინი მთელი უკრაინის დაპყრობას მოახერხებს, მას პლაცდარმად გამოიყენებს.
„თუ პუტინი მთელ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს, ის მას პლაცდარმად გამოიყენებს. გააკეთებს თუ არა ამას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება ევროპა. თუ ევროპა ძლიერი იქნება, ის ალბათ არაფერს გააკეთებს, მაგრამ თუ იქნება სუსტი, რუსეთის ქმედებებისგან დაზარალდება. მოსკოვსა და პარიზს შორის მანძილი 3 000 კილომეტრზე ნაკლებია. დღეს კი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების მოქმედების რადიუსი 2 500 კილომეტრია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა დასავლურ მედიასთან ინტერვიუში.
მეორე მხრივ, კრემლი რიტორიკას არ ცვლის და უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე ისევ საუბრობს.
„რა უნდა გააკეთოს [უკრაინის] ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, თუ მას სურს, რომ ლეგიტიმური იყოს და მოგვარების პროცესში სრული მონაწილეობა მიიღოს? პირველ რიგში, მათ რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მხოლოდ რეფერენდუმით წყდება," - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.