რეზონანსი
04.09.2025

 ზუგდიდის მერობის კანდიდატისთვის მომდევნო 4 წლის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაა. დავით კოდუა ადგილობრივებს ყოველდღიურად ხვდება, განსაკუთრებით მუშაობს ახალგაზრდებთან. ამბობს, რომ ქალაქის განვითარების გეგმას მათთან კომუნიკაციის პარალელურად შეადგენს.

მის მომავალ გეგმებში, განსაკუთრებული ადგილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა საჭიროებებს უკავია. დევნილი მოსახლეობისთვის 2013 წლიდან 3400-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გამოიყო. მათთვის სახლების მშენებლობა ზუგდიდში მიმდინარე წელსაც გრძელდება.

მთავარ პროექტად ანაკლიის მშენებარე პორტს ასახელებს. სამუშაოების პირველი ფაზა 2029 წლისთვის დასრულდება. პორტი კი მომავალში ქალაქის განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას და სხვადასხვა პროექტების წამოწყებას უზრუნველყოფს.

აბაშის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია მთავარი დაპირების შესრულებით დაიწყო. მარნის კულტურის სახლი სრულად რეაბილიტირებულია. შენობას შეუნარჩუნდა ისტორიული სახე და არქიტექტურული ელემენტები. სამუშაოები ბოლო 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 4 მლნ ლარს გადააჭარბა.

გიგა გაბელაია აბაშაში მერობისთვის უკვე მეორედ ემზადება. მისი მერობის პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას. ამ დრომდე მიმდინარეობს 4 ახალი საბავშვო ბაღის და სპორტული სივრცეების მშენებლობა. მის საქმიანობას ადგილზე კარგად იცნობენ. განხორციელებულ პროექტებზე კი თავად ადგილობრივები საუბრობენ.

გამარჯვებისთვის ემზადება მარტვილის მერობის კანდიდატი. გიორგი ნაჭყებია მომდევნო 4 წლის გეგმის განხორციელებას მოსახლეობასთან შეხვედრების პარალელურად აპირებს. ამბობს, რომ მათი ჩართულობა პრობლემის ეფექტურად გადაჭრას უზრუნველყოფს.

მმართველი გუნდის 63 კანდიდატი 4 ოქტომბერს საკუთარ მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×