რეზონანსი
05.09.2025

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო "ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრი"-ს დირექტორის პოზიციაზე.

დაკავებული, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე, სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს.

ბრალდებული დაკავებულ იქნა რეცეპტის გასაღების ფაქტზე", - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×