ნატალია ჯვარიძე
05.09.2025

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ თუ ნატო-ს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდებიან, სავარაუდოდ, ისინი რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე გახდებიან. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაიასაია არ გამორიცხავს, რომ სამხედრო დივერსიული თავდასხმები გაიზარდოს.

„რას მოიმოქმედებს პუტინი არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული არ არის ის კიდევ უფრო შორს წავიდეს და ნატოს წევრი ქვეყნების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰიბრიდული სამხედრო თავდასხმები მოაწყოს."

ამასთან, პუტინმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს ქვეყნის ლეგიტიმური არჩევანი უწოდა.

„რაც შეეხება შესაძლო სამხედრო კონტინგენტს უკრაინაში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის ნატო-ში ჩაბმისა. ამიტომ იქ რაიმე ჯარები თუ გამოჩნდება, განსაკუთრებით ახლა, საბრძოლო მოქმედებების დროს, ვვარაუდობთ, რომ ისინი იქნებიან ლეგიტიმური სამიზნე მათი განადგურებისთვის.

„მართლაც, უკრაინამ დაისახა ამოცანა - ევროკავშირში გაწევრიანება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის უკრაინის ლეგიტიმური არჩევანი, როგორ ააშენოს თავისი საერთაშორისო ურთიერთობები, როგორ უზრუნველყოს თავისი ინტერესები ეკონომიკურ სფეროში, ვისთან შევიდეს ალიანსში", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

„ადრე, იანუკოვიჩის მმართველობის დროს, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის ნატო-ში ჩართვას, რადგან ეს საკითხი უშუალოდ ეხებოდა და ახლაც ეხება რუსეთის გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა პუტინმა.

ვახტანგ მაისაიას აზრით, ამით პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნატოს ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე არ დაუშვებს.

„ეს ალბათ მოჰყვა მაკრონის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საფრანგეთი მზად არის მათმა შეიარაღებულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო ოპერაციაში. ალბათ პუტინმა აქედან გამომდინარე თქვა, რომ ის არ დაუშვებს უკრაინაში ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო კონტიგენტის რაიმე ფორმით განთავსებას, ან მათ ოპერატიულ განვითარებას. ამაზე იყო საუბარი.

რას მოიმოქმედებს პუტინი არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული არ არის ის კიდევ უფრო შორს წავიდეს და ნატოს წევრი ქვეყნების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰიბრიდული სამხედრო თავდასხმები. პრინციპში, პუტინმა ეს უკვე გააკეთა, სამხედრო დივერსიები. ჩვენთან ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა რუსეთის დივერსიულმა ჯგუფებმა 2014 წლიდან 2022 წლამდე განახორციელეს 30-ზე მეტი სამხედრო დივერსიები. ახლაც არის გამორიცხული რუსეთმა მსგავსი დივერსიები მოაწყოს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×