რეზონანსი
07.09.2025

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ განცხადებებს იხსენებს, რომლებიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ევროპელების მხრიდან ისმოდა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიას სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეპუტაციის დაცვა უწევდა.

„ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს არ ეყრდნობიან ეუთო/ოდირის დასკვნას, არჩევნებამდე აცხადებდნენ რომ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათი საბოლოო დასაყრდენი არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და ის, რომ ცესკომ ადმინისტრირება განახორციელა ძალიან მაღალ დონეზე და ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფლად ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ამის მიუხედავად, ევრობიუროკრატების ძალიან დიდი ნაწილი უარყოფდა ამ დასკვნას, ბევრმა სამარცხვინო კომენტარიც გააკეთა ევროპარლამენტიდან, თითქოს ეუთო/ოდირი კორუმპირებული ინსტიტუტია, როდესაც ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიაა. საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ მოგვიწია ბოლო 10-11 თვის განმავლობაში ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გადავდგით ეს ნაბიჯი და რომ არ დავტოვოთ სასპეკულაციო ველი, მაინც მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×