
„ნაციონალური მოძრაობა" თავის ამპლუაშია. ძალადობრივი შინაარსი არათუ გვერდზე გადადეს, არამედ უკვე საჯაროდ აანონსებენ, რაც კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა. იმედია, მათ ამ მოწოდებებისთვის ადრე თუ გვიან პასუხი გაეცემათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებაა ისიც, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს და 4 ოქტომბრის არჩევნები ჩაშალონ, თუმცა რევოლუციის მოწყობის ნული შანსი აქვთ.
„მელიქიშვილის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან, რადიკალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა ხდება, რაც კანონდარღვევაა. როგორც ბოკუჩავას, ასევე სხვებს საშუალება აქვთ, თავისი სიგიჟეები თქვან. ამომრჩეველი კარგად ხვდება, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ გვეძალება, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ. მათ ნული შანსი აქვთ, როგორც რევოლუციის, ასევე ანტიკონსტიტუციური მოქმედების, რასაც ყოველ დღე აწარმოებენ", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ტერიტორიაზე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა: „პროტესტის მთავარი კერა უნდა იყოს სწორედ მელიქიშვილი, ის უნდა გახდეს პროტესტის სიმბოლო და 4 ოქტომბერს მელიქიშვილიდან უნდა დავიძრათ რუსთაველის გამზირისკენ".