
როდესაც გერმანიის ელჩი პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი პეტერ ფიშერის სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც ფიშერი აღნიშნავს: „გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჩემ მიმართ, როგორც ელჩისადმი. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. მე ეს საქართველოშიც საჯაროდ ვთქვი. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლეს არ შეესაბამება“. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აქვეყნებს „სქრინს“ ფიშერის პოსტიდან, სადაც გერმანიის ელჩი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრობს.
„მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ. მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან. ამიტომ ელჩის მხრიდან საპირისპიროს მტკიცება არასწორია, არ არის სიმართლე. აკრედიტებული დიპლომატის მიერ მასპინძელ ქვეყანაში ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის უხეში დარღვევაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.