რეზონანსი
10.09.2025

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს და შეინახეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 631,0061 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე), საიდანაც ნაწილი - 606,1453 გრ., მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს, ხოლო დანარჩენს, შესაბამის ლოკაციებზე განსათავსებლად პირადად ინახავდნენ.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×