რეზონანსი
10.09.2025

ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დეზინფორმაციისა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივების გავრცელებით ის აქტიურად უთხრის ძირს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს, - ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც გერმანიის საელჩომ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.

ამასთან, უწყების განმარტებით, „გერმანიის ელჩი თბილისში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს“.

„კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩი თბილისში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს“.

„გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს“. საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×