რეზონანსი
11.09.2025

„სხვადასხვა მეთოდებით გამუდმებით ითესება სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა, ამ ყველაფრის ნაყოფი კი სხვადასხვაგვარია. ამიტომ, ჩარლი კირკის მკვლელობის, POSTV - ს ქალი ჟურნალისტის უკიდურესი შეურაცხყოფის, პარლამენტის გადაწვის და სხვა ტერორისტული აქტების შემსრულებლები არა ის კონკრეტული ხალხია, ვინც სასხლეტს ხელი გამოკრა, ვინც სიტყვიერად შეიგინა, ან ვინც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, არამედ ის ბოროტმოქმედები, ვინც მოწყვლად გარემოს ქმნის 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე“- აცხადებს  ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

შათირიშვილი ამბობს, რომ ფაქტების შემობრუნება, გაუკუღმართება, თეთრის შავად, სიკეთის ნგრევად, ქველმოქმედების ბოროტებად წარმოჩენაა დღეს „დიპ სტეიტის“ მთავარი იარაღი.

„როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა იმ რეაქციებზე, რაც ფსევდოლიბერალი ფაშისტების მხრიდან მოჰყვა ჩარლი კირკის მკვლელობას, ძალიან მნიშვნელოვანია მიზეზ/შედეგობრივი კავშირების სწორად დანახვა, რადგან ფაქტების ურთიერთკავშირის მიზანმიმართულად აღრევა ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია.

შეცდომაა - ამაზრზენი რეაქციები მოჰყვა მკვლელობას.

სწორია - ამაზრზენ რეაქციებს მოჰყვა მკვლელობა.

ყველა დანაშაულებრივი ფაქტი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ადამიანების  მკვლელობა, ლანძღვა, ბულინგი, ტერორი - ეს არის კონკრეტული შედეგი იმ განგრძობითი პროცესის, რასაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება და პოპულარიზაცია ჰქვია. ჩვენ გარშემო სხვადასხვა მეთოდებით და საშუალებებით გამუდმებით ითესება სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა, ამ ყველაფრის ნაყოფი კი სხვადასხვაგვარია, ზოგი მძიმე, ზოგი უმძიმესი.

ამიტომ, ჩარლი კირკის მკვლელობის, POS TV - ს ქალი ჟურნალისტის უკიდურესი შეურაცხყოფის, პარლამენტის გადაწვის და სხვა ტერორისტული აქტების შემსრულებლები არა ის კონკრეტული ხალხია, ვინც სასხლეტს ხელი გამოკრა, ვინც სიტყვიერად შეიგინა, ან ვინც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, არამედ ის ბოროტმოქმედები, ვინც მოწყვლად გარემოს ქმნის 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.

უბრალოდ დააკვირდით, რა მარტივი მეთოდით მუშაობს ფაშისტური იდეოლოგია - ისინი გააფუჭებენ ყველაფერს, გესვრიან, გაგინებენ, დაგარბევენ, ხოლო შემდეგ უტიფრად გკითხავენ, „რა, 23 წლის სტუდენტი გოგო უნდა ჩასვა ციხეში ბანერის დაზიანების გამო?“... „რა, ქალი ჟურნალისტი მხოლოდ იმიტომ უნდა ჩასვა ციხეში, რომ პოლიციელს სილა გააწნა“?... „მოსაკლავი იყო და მოკლა“... თავიანთ ნამოქმედარს ისევ თქვენ დაგაბრალებენ. სწორედ ფაქტების შემობრუნება, გაუკუღმართება, თეთრის შავად, სიკეთის ნგრევად, ქველმოქმედების ბოროტებად წარმოჩენაა დღეს „დიპ სტეიტის“ მთავარი იარაღი.

ამ მსჯელობაზე ერთი უნიკალური მაგალითი მახსენდება, როდესაც უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, „დიპ სტეიტის“ აგენტს დმიტრო კულებას ათქმევინეს - რუსეთი იმიტომ დაგვესხა თავს, რომ 2008 წელს ნატოში არ მიგვიღესო. არადა, სწორედ იმიტომ არ მიიღეს უკრაინა და მათ შორის საქართველო ნატოში, რომ ეს ომები მომხდარიყო. თანაც, ცინიკური ის არის, რომ ვინც ნატოში არ მიიღო ეს ორი ქვეყანა, რათა შემდგომ ეს ომები მომხდარიყო, სწორედ იმ ძალამ აიძულა კულება, მიზეზ/შედეგობრივი კავშირები უკუღმა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის!“ - წერს ზაზა შათირიშვილი გამოქვეყნებულ წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×