
დრონებით საჰაერო სივრცის დარღვევა შეიძლებოდა მომხდარიყო უნგრეთშიც, თუმცა ჩვენ დისტანციას ვინარჩუნებთ, პოლონელები კი ომში ყურებამდე არიან ჩართული, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი პოლონეთის მხარეს დგას და პოლონელებისადმი სოლიდარულია.
„რუსული დრონების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრა პირველივე წუთიდან მიუღებლად მივიჩნიეთ. ჩვენ პოლონელების მხარეს ვდგავართ და მათ მიმართ 100%-ით სოლიდარულები ვართ. მომხდარი ინციდენტი იმ სახიფათო გარემოებების განსახიერებაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო პოლონეთშიც და უნგრეთშიც, ამიტომ ომის საფრთხე გარდაუვალია. თუმცა უნგრელები დისტანციას ინარჩუნებენ და ომში ჩათრეული არ არიან. პოლონელები კი ყურებამდე არიან ჩართული", - აცხადებს უნგრეთის პრემიერი.
ამასთან, უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, უნგრეთი ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს, ვინც მკაფიოდ უპასუხებს ყველაფერს, რაც პოლონეთის სუვერენიტეტს არღვევს.
ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. გერმანული მედიის ინფორმაციით, რუსული დრონების ნაწილი ნატო-ს ბაზისკენ მიფრინავდა. თუმცა პოლონეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრას ნატო თავდასხმად არ განიხილავს, რადგან დრონების ნამსხვრევებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.