
„ასაფეთქებელი ნივთიერების" სკანდალურ საქმეში ახალი დეტალები ირკვევა. ცნობილი ხდება ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებაც. როგორც სუსში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადეს, ერთ-ერთი დაკავებული უკრაინის მოქალაქე ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, კონკრეტულ ლოკაციაზე მას უკრაინის სპეცსამსახურების, SBU - ს წარმომადგენლებმა გადასცეს ასაფეთქებელი ნივთიერება და დაავალეს, რომ „ტვირთი" თბილისში, კონკრეტულ მისამართზე, კონკრეტული ადამიანისთვის უნდა გადაეცა.
ჩვენების ავტორი ამბობს, რომ ასაფეთქებლის საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთის ფედერაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
პარალელურად ირკვევა, რომ თბილისში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ოდიოზური ლიდერი ბაჩო ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს.
ახალაია რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის "აღების" გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული. სანდო წყარომ ნაცმოძრაობის რიგებიდან ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ახალაია სახლში ფიზიკურად ინახავს პარლამენტის შენობის დიდ მაკეტს, რათა თანამზრახველებს დეტალურად აუხსნას შენობის პიკეტირების სამოქმედო გეგმა, რაც თავის მხრივ, აქტივისტებთან უნდა ჩაიშალოს.
რაც შეეხება ახალაიას კავშირებს „ასაფეთქებელი ნივთიერების" სკანდალურ საქმესთან, წყაროს ინფორმაციით ახალაია რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა „დახმარებას უკრაინიდან", დახმარება კი ძალიან დიდი ალბათობით სწორედ ეს ასაფეთქებელი ნივთიერებაა. ამასთანავე, ახალაია მუდმივ კავშირზეა გია ლორთქიფანიძესთან და ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, სწორედ მას უნდა გაეწია კოორდინაცია, რათა ტვირთი მისულიყო ავლაბარში, „ავლაბრელ მეგობართან", როგორც თავად მოიხსენიებდა.
ბაჩო ახალაიას უახლოესი გარემოცვის წევრები გვიდასტურებენ, რომ განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში, ბაჩო ახალაია შავიშვილის ქუჩაზე იმყოფება, რამდენიმე დღის წინ კი მან უახლოეს მეგობრებს უთხრა, რომ მას დრონებით, ინტენსიურად უთვალთვალებენ და შესაძლოა ამან მათ გეგმრბს პრობლემები შეუქმნას. ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, გამოიკვეთება თუ არა მისი კვალი „ასაფეთქებლის საქმეში" და მოხდება თუ არა ოფიციალურად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ამას სავარაუდოდ გააქტიურებული სუსის მომდევნო ბრიფინგებიდან გავარკვევთ.
წყარო: პრაიმ ტაიმი