რეზონანსი
12.09.2025

სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 42 პირი. საპოლიციო ღონისძიებები გამთენიისას 50-მდე მისამართზე ჩატარდა.

კოკაინი, ჰეროინი, ალფა-PVP, ბუპრენორფინი, სუბოქსინი, მეთადონი, კეტამინი, მეფედრონი, MDMA, მარიხუანა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი პოლიციამ სამალავებიდან, ავტომობილებიდან, საცხოვრებელი სახლებიდან და დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღო.

42 დაკავებულიდან უმეტესობა მსხვილი ნარკორეალიზატორია. რამდენიმე მათგანის ვინაობა "კურიერმა" გაარკვია.

ფონიჭალის დასახლებაში, გაგრის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა საკუთარი სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს 61 წლის მამაკაცი. ირკვევა, რომ ის დაკავებამდე სისტემატურად ყიდდა ჰეროინს და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევია.

რეალიზაციის ბრალდებითაა დაკავებული ირანის მოქალაქე - 31 წლის მამაკაცი, რომელიც საირმის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

სპეცოპერაციის პარალელურად, სამართალდამცველებმა გაშიფრეს სქემაც, რომლის მიხედვითაც დაკავებულების ნაწილი შეთანხმებით მოქმედებდა. ირკვევა, რომ ისინი ნარკოტიკს ინტერნეტ-აპლიკაციებით ყიდდნენ და კლიენტს ე.წ. "ფაქტს" სამალავებში უტოვებდნენ.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ფარული ვიდეოჩანაწერებიც გაასაჯაროვა. კადრები პოლიციამ მოსამართლის განჩინებით გადაიღო.

საკონტროლო შესყიდვის კადრებში კარგად ჩანს ნარკოტიკის გაყიდვის კონკრეტული ფაქტები. რეალიზატორების ნაწილი კლიენტს ე.წ. "ფაქტს" ავტომობილებში აწვდის და სანაცვლოდ თანხას იღებს. იყო შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკის გადაცემა ქუჩაში, მალულად, ხელიდან ხელში ხდებოდა.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გადაღებულ ფარულ მასალაში უკრაინის ორი მოქალაქეც ჩანს - 23 წლის ბოგდან ერმაკოვი და 31 წლის ალონა კლუშნიკოვა. ირკვევა, რომ ახალგაზრდები ჯგუფურად მოქმედებდნენ და ნარკოტიკულ საშუალებას ალფა-PVP-ს ყიდდნენ. მათი პირადი ჩხრეკის დროს პოლიციამ ამფეტამინი ამოიღო.

დაკავებულები ახლა ბრალის წარდგენას ელოდებიან. "კურიერის" ინფორმაციით, ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაული, რომლის გამოც 42 პირია დაკავებული, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციამ სხვა პირებიც დააკავოს.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 42 პირის საქმეში მტკიცებულების სახით დევს ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

წყარო: rustavi2.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×