რეზონანსი
13.09.2025

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ამ ბრალდებით სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. დღეს დილით ბურჭულაძე პროკურურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. 

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე მოწმის სტატუსით ჯერ კიდევ 28-29 ივლისს გამოკითხა. მაშის გაათავისუფლეს, თუმცა იმ დათქმით, რომ მას აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა. ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში, კორუფციის ბრალდებით დააკავეს ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და მისი ცოლის ძმა ვასილ მხეიძე.

ხმაურიანი დაკავებები ამით არ დასრულებულა. როგორც for.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმაურიანი დაკავებები კვლავ გაგრძელდება.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ იქნება ბოლო საფეხური.

„იმიტომ, რომ თუ კორუფციის მიმართულებით მიდიან, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები - ტენდერები და გააჩნია, რა ტიპის ლობირება იყო. ერთ-ერთ ვერსიად შეგვიძლია დავუშვათ ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, სახეზე გვქონდა უკანონო ლობირება სხვადასხვა ტენდერებთან მიმართებაში და კიდევ ბევრი ასეთი რამ, რაზეც, იმედია, რომ სახელმწიფო არ დაიშურებს ენერგიას, რაც შეიძლება სიღრმისეულად გამოიძიონ ეს პროცესი.

თუმცა, მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღესაც მოქმედი, საკმაოდ ბევრი მაღალჩინოსანის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სპეცსამსახურებს განსაკუთრებული აქტიურება მართებთ, რომ კვლავ იგივე შეცდომები არ იქნას დაშვებული, რაც ამ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ხდებოდა“, - განაცხადა დავით კუხალაშვილი.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×