
„კლიმატის ცვლილების ფონზე, 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენთან ზღვის დონე დაახლოებით 20 სანტიმეტრით არის მომატებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პლიაჟებს ვკარგავთ, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობის მიმდებარედ", - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ცოტა წყლისგან გამწმენდი ნაგებობა გვაქვს და მათი რაოდენობა ათეულს არ აღემატება. ასევე, საკანალიზაციო სისტემა სრულიად გაუმართავად მუშაობს.
„სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა წყლისგან გამწმენდი ნაგებობა გვაქვს, მათი რაოდენობა ათეულს არ აღემატება. არადა, ეს იმ ფონზე, რომ აღნიშნული მოწყობილობა საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტს სჭირდება. მით უმეტეს, ზღვის სიახლოვეს მდებარე პუნქტებს. გამწმენდი ნაგებობა გვაქვს მხოლოდ ბათუმსა და ურეკში, ჩამონათვალი აქ სრულდება.
ასევე, კლიმატის ცვლილების ფონზე, 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენთან ზღვის დონე დაახლოებით 20 სანტიმეტრით არის მომატებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პლიაჟებს ვკარგავთ, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობის მიმდებარედ.
საერთოდ, ზღვის დონის ამაღლება ბათუმისთვის კიდევ უფრო პრობლემატურია, რადგან იქ ნებისმიერი წვიმის ან შტორმის დროს ქალაქი იტბორება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ასეთი დატბორვებისას ჩამოდენილ ნაკადს დამატებით ზღვის წყალიც უერთდება. ოღონდ, ხაზს გავუსვამ, რომ ამაზე პროფესიონალური კვლევა არავის ჩაუტარებია და მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ლოგიკური და საფუძვლიანი.
ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის განაშენიანება იმდენად ინტენსიურად მიდის, გამწმენდი ნაგებობების ნაწილი საკანალიზაციო სისტემას საერთოდაც ვერ უერთდება, რაც იწვევს ამ მასების პატარა მდინარეებსა და შემდეგ ზღვაში ჩადინებას.
ზოგადად, ეს კონკრეტული პრობლემა მხოლოდ ბათუმში არაა, თითქმის მთელ საქართველოში ასე ხდება. რეალობა ასეთია - გვგონია, რომ საკანალიზაციო სისტემა გვაქვს და ის თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მთელი ეს მასები სხვადასხვა მდინარეებსა თუ ზღვაში ჩაედინება. ვიმეორებ, ეს მთელ საქართველოში ასეა", - განაცხადა ჩხობაძემ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო".